რუსული ბაზა აფხაზეთში - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები
რუსული ბაზა აფხაზეთში - ექსპერტები თანხმდებიან, რომ სუს-მა რუსეთიდან მომავალი საფრთხეები შესახებ რიტორიკა შეცვალა. მაგალითად, თუ გრიგოლ ლილუაშვილის მმართველობის დროს, უსაფრთხოების სამსახური ანგარიშში წერდა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის აშენება, რუსეთისთვის კონტროლის დამყარების დამატებითი ბერკეტი იქნებოდა და მას საფრთხედ მიიჩნევდა, ოხანაშვილის ხელმოწერილ ტექსტში ეს საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.
არადა სატელიტური ფოტო მასალები ამტკიცებს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოჩამჩირეში, ფაქტობრივად, დასრულებულია და ყველაზე ნაკლებად ჰგავს საკონტეინერო ტერმინალს, როგორც ამას ანრი ოხანაშვილი წარმოაჩენს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსებს უფრო დიდი გეგმა აქვთ, ვიდრე ტერმინალის მშენებლობა და საფრთხე რეალურია.
მათი თქმით, “ეს იქნება საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი, რასაც მოჰყვება რუსული კოლონიზაცია.“
ისინი საქართველოს საზღვაო აკვატორიის რუსული სამხედრო ძალების მხრიდან მილიტარიზაციაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს “შავ ზღვაში, ნებისმიერ კონფლიქტში ირიბად საქართველოს ჩათრევას მოასწავებდეს.“
რასაც ახლა ოჩამჩირეში ვადევნებთ თვალს, ეს არის საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი და არა მხოლოდ ოკუპაცია. ეს გახლავთ ნელი პროცესი, რასაც მოჰყვება რუსული კოლონიზაცია. თავის დროზე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც კითხვები გაჩნდა, რომ ხომ არ მოასწავებდა ეს რუსების ჩამოსახლების შემდგომ ნაბიჯებს, რაც სავარაუდოდ, ასე იქნება, ასევე გულისხმობს იმას, რომ საქართველოს საზღვაო აკვატორიის რუსული სამხედრო ძალების მხრიდან მილიტარიზაციას, შემდგომ შავ ზღვაში, ნებისმიერ კონფლიქტში შესაძლოა, ირიბად საქართველოს ჩათრევას მოასწავებდეს. ეს გახლავთ არა მხოლოდ საქართველოს ცალკე აღებული სუვერენიტეტის დარღვევა და მისი ხელყოფა, არამედ ეს გახლავთ მიზანმიმართული ახალი პრეცედენტის შექმნა, - ამბობს „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ მკვლევარი, გიორგი კობერიძე.
გარდა იმ ტრადიციული საფრთხეებისა, რასაც ზოგადად ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ბაზა გულისხმობს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჩამჩირესთან ძალიან ახლოს არის, ჩვენი ერთადერთი კავშირი დასავლეთთან, ეს არის ანაკლიის მშენებარე პორტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ მშენებარე პორტის აშენება გადავიდა დასავლური, ცივილიზებული, ნორმალური ბიზნესის ხელში, თქვენ თვითიონ წარმოიდგინეთ, 20-30 კილომეტრში მყოფი რუსული სამხედრო ბაზა, რამდენად ხელის შემშლელი იქნება მისი გამართული ფუნქციონირებისთვის, დაახლოებით იგივე დატვირთვა ექნება, რასაც ჩვენ ცენტრალურ მაგისტრალთან სიახლოვეს რუსულ ბაზებს აქეთ, აღმოსავლეთ საქართველოში, -აცხადებს ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ანდრო გოცირიძე.
ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში წერს, რომ სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე იგეგმება საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა და სწორედ ამას უკავშირებს ინფრასტრუქტურულ სამუშოებს, რომელიც ადგილზე მიმდინარეობს. შესაბამისად, სუს-ი ფაქტობრივად გამორიცხავს იქ სამხედრო ბაზის მშენებლობას.