სურდო, ხველა, თავის ტკივილი - უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამლული დემონსტრანტების მდგომარეობა მძიმეა
სურდო, ხველა, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი და ყლაპვის გაძნელება - ეს არის ამონაწერი სამედიცინო დოკუმენტიდან, რომელიც ნოემბრის აქციების დარბევის შემდეგ ერთ-ერთ დემონსტრანტს ექიმმა მისცა.
სისხლიანი ღამეებიდან ექვსი თვის თავზეც მედიკოსებთან მისული მოქალაქეები ზუსტ დიაგნოზს ვერ იგებენ და შესაბამისად, ვერც სრულფასოვან მკურნალობას გადიან. მიზეზი, რის გამოც დიაგნოზის დასმა ჭირს, ის უცნობი ნივთიერებებია, რომლითაც ხარებას სპეცრაზმელები რუსთაველზე გასულ მოქალაქეებს არბევდნენ.
გარდა იმისა, რომ გვქონდა წვა და ხველება ყველა ჩვენგანს, ვინც ვმონაწილეობდით საპროტესტო აქციებში, ამას დაერთო თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, იყო სისხლდენა ცხვირიდან და გართულდა სუნთქვა. შემიძლია, გითხრათ, რომ დაახლოებით ორი კვირის თავზე, ეს სუნთქვა იმდენად გართულდა, რომ უკვე შემექმნა პრობლემები ძილთან დაკავშირებით, განუწყვეტლივ ვახველებდი. გართულდა საკვების მიღება, ყლაპვა. 29 ნოემბრის შემდეგ, 8 იანვარს მე მქონდა საშუალო სიმძიმის ტრახეის დაზიანება, მქონდა ჭინჭრის ციება. მარტის თვეში ამას დაემატა ახალი გართულება. ეს არის სისხლში თეთრი ბურთულების ნაკლებობა.
რადგან არ ვიცით, რა ნივთიერებების გამოყენება მოხდა ჩვენს წინააღმდეგ, ამიტომ ვერ ვაღწევთ შედეგს. ნებისმიერ მკურნალობას, რომელსაც მე დავიწყებდი, არ ჰქონდა შედეგი. ეს შედეგი რამდენიმე დღე გრძელდებოდა. 3-4 დღის გასვლის შემდეგ ისევ თავიდან იწყებოდა იგივე, - ამბობს აქციის მონაწილე.
დარბევების შემდეგ მძიმე სიმპტომებზე სუაბრობს კიდევ ერთი დემონსტრანტი. დაზარალებული ამბობს, რომ ნერვიული სისტემა დაუზიანდა.
ჩემს უახლოეს მეგობარს დაეწყო ამ დარბევების შემდეგ შაკიკი. დღემდე უგრძელდება. ამის ფონზე სრულიად უფუნქციო გახდა, იმიტომ, რომ ვერ მუშაობს, ვეღარ სწავლობს. ვიყავით ყველა ექიმთან, ყველა საჭირო ანალიზი გავიკეთეთ, მაგრამ ვერ დაადგინეს საიდან არის ეს გამოწვეული. ჩემს შემთხვევაში წამოვიდა ფსიქოლოგიური სიმპტომები. ასეთი მძიმე ცხოვრებაში არ მქონია. გარკვეულ ნივთიერებებს აქვთ მსგავსი უნარი, რომ გამოიწვიონ ნერვიული სისტემის ისეთი დაზიანება, რომ ამან ფსიქოსომატურ გავლენები რთულ მდგომარეობაში გამოიწვიოს, - ამბობს დემონსტრანტი.
მედიკოსები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ დაზარალებული დემონსტრანტები სათანადოდ ვერ იმკურნალებენ. "ნეოლაბის" დირექტორი პირდაპირ ამბობს, რომ აუცილებელია იმ ქიმიური ნივთიერებები გასაჯაროება, რომლის საშუალებითაც აქციის მონაწილეებს არბევდნენ.
იყო გახანგრძლივებული ხველის, ასევე სპაზმური ხველის შემთხვევები. ასევე, რასაკვირველია, იყო ცხვირის ლორწოვანის დაზიანების და თვალის ლორწოვანის დაზიანების ნიშნები. გამოვლინდა გარკვეული ცვლილებები, დაქვეითება, იგივე ამოსუნთქული ჰაერის სიჩქარის, რაც მიმანიშნებელია იმაზე, რომ ბრონქო სპაზმით მიდიოდა ეს პროცესი. აღინიშნებოდა კანზე გამონაყარი, ზოგიერთ შემთხვევაში, დამწვრობის ტიპის. განსაკუთრებით ეს ის შემთხვევები იყო, როდესაც ხდებოდა დასველება ტანსაცმლის და მაღალი კონცენტრაციით ხდებოდა ამ ნივთიერების კანზე ზემოქმედება. ეს ადამიანები საჭიროებენ შემდგომ გამოკვლევებსაც. კი იყო წინასწარ არსებული გარკვეული მდგომარეობა. მათი გამწვავების შედეგად, შეიძლება, მივიღოთ ისეთი ქრონიკული მდგომარეობები, როგორიც არის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, ასევე ფილტვის ემფიზემა, რაც საჭიროებს ხანგრძლივ დაკვირვებას. ასევე სისხლის შედედების ფაქტორის თვალსაზრისით აღნიშნავენ ცვლილებებს. აქვს ზოგიერთს სისხლჩაქცევები. თავიდან ეს იყო ღრძილებიდან სისხლდენა.
რაც შეეხება თითონ ნივთიერებას, რომელიც იქნა გამოყენებული, რაც იყო მისაწვდომი ინფორმაცია, ეს თვითონ ჭურვებზე არსებული იარლიყებიდან, ეს არის სი ეს გაზი, რომელიც ადრეც გამოიყენებოდა, სამწუხაროდ, მაგალითად, იგივე 9 აპრილის დროს. თუმცა, სხვა ნივთიერებებზე არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია და ამიტომ, რასაკვირველია, გასაჯაროება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამბობს მედიკოსი.