"ქვეყნის სამსახურში" - 9 მაისს, 17:00 საათზე მსვლელობა გაიმართება
"ქვეყნის სამსახურში" - ამ ლოზუნგის გარშემო 9 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. აქცია პარლამენტთან დაიწყება და შემდეგ ევროპული მომავლის მცველები მარშით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ 9 მაისი კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ "მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკისა", მოქალაქეები კვლავ ერთგული რჩებიან საქართველოს ისტორიული არჩევანისადმი".
9 მაისს, ევროპის დღეს, 17:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და მსვლელობით მივდივართ ევროპის მოედნისკენ.
ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპული ოჯახია — ამ გზაზე წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მივაღწიეთ: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელსაც დღეს საფრთხეს უქმნის "ქართული ოცნება". შესაბამისად, საფრთხეშია ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული განათლება, განვითარებული ეკონომიკა და უსაფრთხოება.
დღევანდელი დღე არის გზავნილი ევროკავშირისათვის: მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკისა, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით საქართველოს ისტორიული არჩევანისადმი. მიუხედავად რუსული რეჟიმის ზეწოლისა, ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ კურსს.
ჩვენ კვლავ გვახსოვს 28 ნოემბერს კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ნებასთან.
ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!", - წერია ღონისძიების ანონსში.