მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა ორკესტრირებულია - მწარიაშვილი
"წინა სასამართლო პროცესის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა ორკესტრირებულია" - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის უფლებადამცველმა, მაია მწარიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მწარიაშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ოთხ კედელში გამომწყვდეული ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი "უკანონობის კასკადის" გათეთრებას ცდილობს - "ერთ უკანონობას შემდეგით ათეთრებენ, მაგრამ ის შემდეგი წინას ააშკარავებს".
მზია ამაღლობელის წინა სასამართლო პროცესის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სისტემა ორკესტრირებულია მზიას წინააღმდეგ... რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვამხელთ, ვააშკარავებთ, მოგვდევენ ფეხდაფეხ, რომ თავები დამარხონ, მაგრამ გარწმუნებთ, არ გამოვა. მე ჯერ არ მინახავს ჩემს პრაქტიკაში არცერთი საქმე ისე შეთითხნილი, ისე შეკერილი, სადაც კვალს ვერ პოულობ. მზია ამაღლობელის საქმეში ზედაპირზე დევს მის წინააღმდეგ ჩადენილი საპოლიციო უკანონობის კასკადი. ერთ უკანონობას შემდეგით ათეთრებენ, მაგრამ ის შემდეგი წინას ააშკარავებს. ჩვენი ამოცანაა, ვამხილოთ, ვამხილოთ, ვამხილოთ და გვისმინონ. მე არ ველოდები, რომ მოსამართლე ამ საქმეზე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწერს განაჩენს, ამ საქმეზე მოსამართლე საკუთარი თავის წინააღმდეგ დაწერს განაჩენს". - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მეორედ დააკავეს.
"ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
13 იანვარს "ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა" გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აგინებს. ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.
ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.