მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ

გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს - მაია მწარიაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ გისოსებს მიღმა მყოფი ჟურნალისტის მისამართით "ოცნების" პრემიერის მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.
- საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ „რუსთავი 2″-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ივანიშვილის პრემიერმა თქვა, რომ "მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, მისი დავალება კი პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო".
ივანიშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, ამიტომ მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული სასამართლო შესაბამის რეაგირებას არ იქონიებს, საქმე სტრასბურგში გადაინაცვლებს.
ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ გახლავთ პირველი განცხადება და ეს არამხოლოდ მისი, ასევე სხვა სახელისუფლებო სპიკერების არაერთი განცხადებაა და ორკესტრირებულია. ერთი შინაარსის გარშემო ტრიალებს ყველა ეს განცხადება. თურმე, მზია აკრავდა პოლიციელებს სტიკერებს, თურმე, მზიამ მიიღო დავალება და ეს დავალება პოლიციელების ღირსების შელახვას ეხებოდა. ეს განცხადებები გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩვენ ამ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით მივმართავთ ქართულ სასამართლოს სწორედ იმიტომ, რომ ამავე სასამართლოს ვაიძულოთ იმსჯელოს ამ საკითხებზე. ეს სასამართლოც უნდა ვაიძულოთ, რომ თავად თქვან, ასეთი განცხადებები არის თუ არა ცილისმწამებლური, მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვეველი განცხადებები. თუ იტყვიან, რომ ეს ასეთი არ არის, რა საკვირველია, სტრასბურგში ამ საქმესაც წავიღებთ ". - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მეორედ დააკავეს.
"ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
13 იანვარს "ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა" გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აგინებს. ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.
ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.