მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს საქართველო უმძიმესი სტატისტიკით ხვდება

03.05.25 12:17
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს საქართველო უმძიმესი სტატისტიკით ხვდება

დღეს 3 მაისია, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე, რომელსაც საქართველო უმძიმესი სტატისტიკით ხვდება. მხოლოდ ერთ წელიწადში, ივანიშვილის რეჟიმის მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, მედიის უფლებების დარღვევის 340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

კვლევის შედეგებს მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი აქვეყნებს და წერს, რომ დაფიქსირდა 112 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, 12 უკანონო დაკავების ფაქტი და 77-ჯერ შეზღუდული უფლება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ერთ წელიწადში პირველად შეიქმნა პრეცედენტები, როცა ჟურნალისტებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ ნიღბიანი ზონდერ დაჯგუფებები და ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ. საქართველოს დღეს პირველად ჰყავს ქალი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 

ამასთან, უკვე დაიხურა ერთი კრიტიკული არხი, ათობით ჩვენი კოლეგა კი რეჟიმის რეპრესიების გამო საკუთარ პროფესიას ჩამოშორდა.

ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი არის არამარტო ჟურნალისტების დაშინება, მედიის დახურვა, არამედ საბოლოო ჯამში, ქართულ საზოგადოებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა გაიგოს, მიიღოს ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, როგორი უკანონობაა, როგორი კორუფციაა და ა.შ.. ივანიშვილი, როგორც ყველა სხვა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ადამიანი, ცდილობს, მაქსიმალურად მიიტაცოს ხელისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა დამოუკიდებელი მედიის თანამშრომელს. ამ რთულ ვითარებაში, რასაც კვლევები აჩვენებს, მაინც ახერხებენ თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ეს არის იმედი, საქართველოს მომავალი წინ აქვს". - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ. 

მსგავსი სიახლეები