პოლიციის მობილიზება აღმაშენებლის ხეივანში - მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში "მონას" ძახილით შეაცილეს
მოსამართლეთა დიდი თავყრილობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში - აღმაშენებლის ხეივანში ახლა გომელაურის პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა, რადგან სკოლაში მისულ მოსამართლეებს სინდისის პატიმრების მშობლები პროტესტით დახვდნენ და შენობაში შეაცილეს შეძახილებით - მონებო.
ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ლევან მურუსიძე, კაცი რომელსაც ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა. მან პირველების არცერთ კითვას არ უპასუხა. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ასევე იმყოფება მოსამართლეები - დიმიტრი გვრიტიშვილი და მერაბ გაბინაშვილი.
მოსამართლეთა დიდი თავყრილობის პარალელურად შენობის გარეთ სინდისის პატიმრების მშობლების აქციაა, სადაც საბა სხვიტარიძის დედაც სხვა რეჟიმის ტყვეების მშობლებთან ერთად იმყოფება.
არ ვაპირებ გაჩერებას. მეორე შვილის სასამართლოც დამინიშნეს. მეორე შვილზეც მებრძვიან. ვერ შემაშინებენ, ვერ გამაჩერებენ. ესენი არიან მონები და ხმამაღლა ვიტყვი ეს არის ჩემი შეფასება. ამის გულისთვის არ უნდა ცდებოდეს მოსამართლე, რომ ვიღაცამ ჭორის დონეზე თქვა, რომ დამიძახა მონა. ამაზე სასამართლო არ უნდა დგებოდეს. აქედან გამომდინარე, რადგან მოსამართლე ჭორაობას განიხილავს ვაპროტესტებ, რომ ის არ არის მოსამართლე. გამოვიდეს დადგეს ბირჟაზე და გაარჩიოს ქავთარაძესთან ერთად ბირჟის საქმე.
ესენი ვერ ხვდებიან, როცა აღარ დასჭირდებათ ნაგავში გადააგდებენ. გადასაყრელები ისედაც არიან და ასედაც", - ამბობს ელენე ახობაძე.