შსს სალომე ზურაბიშვილის სახლის მახლობლად სროლას და 2 პირის დაჭრას ადასტურებს
შსს სალომე ზურაბიშვილის სახლის მახლობლად სროლას და 2 პირის დაჭრას ადასტურებს - გომელაურის უწყების ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით, საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპატრამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე. (სსკ-ის 236-ე და 118-ე მუხლებით.)
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიოტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით, საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება", - ნათქვამია ინფრომაციაში.
ცნობისთვის, თავდაპირველად, გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი წერდა, რომ სახლთან მუშტი-კრივი და წივილ-კივილი იყო, რაც ბოლოს იარაღის გამოყენებით დასრულდა.