"ბულინგი და შეურაცხყოფებია" - მურუსიძე ირწმუნება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობა "სანატრელი თანამდებობა არ არის"
ერთ-კანდიდატიანი არჩევნები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - მოსამართლე წევრად ლევან მიქაბერიძე აირჩიეს. ლევან მიქაბერიძე თანამდებობაზე 290 ხმით, 4 წლის ვადით აირჩიეს. მისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა წარადგინა.
ლევან მიქაბერიძემ რევაზ ნადარაია ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩააბარეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე რევაზ ნადარაიას დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ ისაუბრა.
სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენელმა საჯაროდ გაკეთებულ კომენტარში არ დაასახელა ის მიზეზი, თუ რის გამო გადავიდა საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაია, თუმცა ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობა "სანატრელი თანამდებობა არ არის", რადგან მისივე რწმუნებით, პოსტი "წლების განმავლობაში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ლანძღვის, ბულინგის და ზეწოლის" ობიექტი ხდებოდა.
- დღეს ლევან მურუსიძეს კითხვები მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა დაუსვეს. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს იმ სივრცეში, სადაც მოსამართლეების დიდი კონფერენცია მიმდინარეობდა. საჯარო კომენტარიც სწორედ პირველმა არხმა გაავრცელა.
ბატონი რეზო რატომ გადავიდა საკონსტიტუციოში? მაგას ბატონი რეზო გეტყვით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ძალზედ საპატიო თანამდებობაა, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება და გადავიდა, თან წარადგინა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების მხრიდან იყო ლანძღვა, ბულინგი, ზეწოლა, ამიტომ ეს არ არის სანატრელი თანამდებობა, რომ მიისწრაფოდე, ეს არის პასუხისმგებლობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა, ბულინგი და შეურაცხყოფები. არ მინდა საზოგადოებამ იფიქროს, რომ ყველას სურვილი აქვს, იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი", - ამბობს ლევან მურუსიძე.
ცნობისთვის, დღეს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების შეკრება გაიმართა. მოსამართლეების თავყრილობის პარალელურად, აღმაშენებლის ხეივანზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და მათ პროტესტის ხმა გააგონეს. საბოლოოდ, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დატოვება საპროტესტო შეძახილებისა და ხმაურის ფონზე მოუწიათ.