ლევან ზაზაძის პირველი კომენტარი 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ
12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ლევან ზაზაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
ზაზაძემ "პირველებთან" განაცხადა, რომ იზოლატორში გატარებულმა დღეებმა მეტი კავშირი შესძინა სინდისის პატიმრებთან.
მისი თქმით, ის გეგმავს, "ოცნების" წინააღმდეგ და სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა განაგრძოს.
სიმართლე, რომ გითხრათ ჩემი დაჭერის მომენტიდან ვიცოდი, რომ ეს იყო განრიდება. ვიცოდი, რომ განმარიდეს ტერიტორიას და უნდა ჩავეშვი, სადღაც რომელიღაც ქუჩაზე. 5 საათს მერე, როცა მიმიყვანეს იზოლატორში, არც ვიცოდი, რომ იზოლატორი იყო დიღმის. მითხრეს, რომ მერე მეკუთვნოდა იზოლატორი. რაც შეეხება მათ გადაწყვეტილებას 12 დღეს. მე არ მეგონა სიმართლე, რომ გითხრათ. 2 დღე გავატარე იზოლატორში და მერე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არის ივანიშვილის და მათი არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილება და ამას ასრულებ ჩვენი უსამართლო სასამართლო.
გამოვედი იმ შემართებით, რომ უფრო მეტი უნდა ვიბრძოლო. იზოლატორში ვფიქრობდი ჩვენს დაჭერილ ბიჭებზე და მათზე ფიქრით ვძლებდი, რომ ისინი თვეებია დაჭერილები არიან და რა გრძნობაში არიან, როცა გარეთ გელოდებიან შენი მეგობრები, ოჯახის წევრები და გინდა , რომ მათთან ერთად იყო. ამ შემართებით გამოვედი, რომ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი ბიჭები მალე გამოვიდნენ გარეთ", - ამბობს ლევან ზაზაძე.
ლევან ზაზაძე ამ წლის 21 აპრილს დააკავეს. მას სამართალდამცველებმა ხელბორკილები იმ დროს დაადეს, როდესაც თავისუფლების მოედანზე, ტროტუარზე იდგა. შემეგ კი, 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით შეეფარდა.
ლევან ზაზაძეს რეჟიმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.