ექსკლუზივი: ვის ეკუთვნის რეალურად ბეთანიის მილიონიანი სასახლე?

03.05.25 21:23
ექსკლუზივი: ვის ეკუთვნის რეალურად ბეთანიის მილიონიანი სასახლე?

ვის ეკუთვნის ბეთანიაში, ტყის პირას აშებული მილიონ ორასი ათასიანი სასახლე? - 362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და უზარმაზარი ეზო, ოფიციალურად, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის უკვე ყოფილი მოადგილის, თამარ მელიქიშვილს ეკუთვნის, თუმცა "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მელიქიშვილი ფიქტიური მფლობელია და ეს სახლი კახა კალაძის მარჯვენა ხელს, თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელმაც ქონება ყოფილი თანამშრომლის სახელზე გააფორმა. 

  • თამარ მელიქიშვილმა, ვისზეც სასახლე ოფიციალურად არის გაფორმებული, პოსტი თბილისის მერიაში 2023 წლის იანვარში დატოვა. ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 28 მარტს შეავსო, ის უთითებს, რომ აქვს სესხი ბანკში 25 ათასი ლარის ოდენობით. მერიიდან წამოსვლის შემდეგ 2023 წლის 25 დეკემბერს კერძო პირისგანაც ისესხა, კიდევ 10 ათასი ლარი. ბიძამ და ბებიამ 9000 ლარი, მშობლებმა კი 10 ათასი ლარი აჩუქეს.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, თუ სასახლე ბეთანიაში ნამდვილად მას ეკუთვნის, საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ როგორ მოაგროვა მილიონ 200 ათასი რომ ეს უძრავი ქონება, სესხის გარეშე შეეძინა - თამარ მელიქიშვილი კითხვებს არ პასუხობს.

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი ასევე დაინტერესდა, მერიიდან წამოსვლის შემდეგ, თამარ მელიქიშვილმა, ხომ არ დააფუძნა კერძო კომპანია ან ხომ არ გახდა რომელიმე კომპანიის თანამფლობელი, რაც ამ მოკლე დროში მილიონიან შემოსავალს მოუტანდა - საჯარო რეესტრში ასეთი მონაცემები არ იძებნება, მელიქიშვილი არც ინდმეწარმეა და არც კომპანიის მეწილე.

მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა 2023 წლის ჩათვლით მისი სრული შემოსავალი. ის წერს, რომ ასეთი შემოსავალი მერიისგან მიიღო, ერთი თვის გასამრჯელო 2736 ლარის ოდენობით. სხვა სახის შემოსავლები დოკუმენტში არ ჩანს. თამარ მელიქიშვილის ლინკდინის თანახმად, მან მერიიდან წამოსვლის შემდეგ, მუშაობა "ვიარ ჰოლდინგის" სტრატეგიული პროექტების მენეჯერად, 2023 წლის აპრილში დაიწყო. ანუ 2 წელიწადში მას სწორედ აქ მიღებული ხელფასით უნდა შეეგროვებინა მილიონ 200 ათასი. 

  • "შაბათის ეთერმა" უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვის ვებ გვერდზე,  მიაკვლია ინფორმაციას, რომ რეზიდენცია ბეთანიის ტყეში, გასაყიდად 2 აპრილს იყო გამოტანილი. მისი ფასი ჯერ 550 ათასი დოლარი იყო, შემდეგ კი 540 ათას დოლარამდე შემცირდა. ჩვენ მოვიპოვეთ, ნასყიდობის ხელშეკრულებაც. დოკუმენტი მერიის ყოფილ მაღალჩინოსანსა და სახლის მფლობელს შორის 10 აპრილს გაფორმდა, აქ წერია, რომ სახლი საბოლოოდ 90 ათას დოლარიანი ფასდაკლებით 450 ათას დოლარად გაიყიდა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ბეთანიაში სახლის რეალური მფლობელი ირაკლი ხმალაძეა.

  • ნასყიდობაში ხელშეკრულებაში რომელიც მილიონიანი სასახლის ყიდვა გაყივის დროს გაფორმდა, წერია, რომ მელიქიშვილს 10 აპრილს, უძრავი ქონების თანხა 450 ათასი ათასი დოლარი, რაც იმ დროინდელი კურსით დაახლოებით მილიონ 200 ათასი ლარი იყო სრულად ჰქონდა გადახდილი. სახლი ბანკში იპოთეკით არა არის დატვირთული და ასეთი სოლიდური თანხის წარმომავლობის დამდასტურებელი დოკუმენტი მელიქიშვილმა  ჩვენ ვერ წარმოგვიდგინა. 

"შაბათის ეთერის" მიერ თემაზე მუშაობისას გაირკვა ისიც, რომ თამარ მელიქიშვილის მამას ბეთანიის სასახლისა და მასში გადახდილი მილიონის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

საჯარო მოხელის მილიონიანი ქონება - მაკა ჩიხლაძის სპეციალუერი რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები