როგორ აღმოჩნდნენ ღვინისა და კონიაკის ქარხანაში მუშები თურქმენეთიდან? - ჟურნალისტური გამოძიება
გურჯაანში, ღვინისა და კონიაკის საწარმო "გრუზვინპრომში" მუშები თურქმენეთიდან ჩამოიყვანეს - კადრები "შაბათის ეთერმა" 2025 წლის 29 აპრილს გადაიღო.
ირკვევა, რომ თურქმენეთის მოქალაქეები გურჯაანის ქარხანაში დღის და ღამის ცვლად მუშაობენ, ადგილზე გვიყვებიან, რომ, მოსახლეობა, რომელიც აქ იყო დასაქმებული, გაუშვეს და მათ ნაცვლად კომპანიის მფლობელმა შუა აზიელი თანამშრომლები ჩამოიყვანა.
შპს გრუზვინპრომი "ბოლერო და კომპანიის" საკუთრებაა, რომელსაც საქართველოს რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს. კარიჭაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორია. ის საქართველოდან რუსეთში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია.
გურჯაანი ქარხანაში მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული, თუმცა ხალხი გვიყვება, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ჯერ გურჯაანელები სამსახურიდან გაუშვა, შემდეგ კი მათი სამუშაო ადგილები თურქმენეთისა და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილმა მოქალაქეებმა დაიკავეს.
"შაბათს ეთერი" დაინტერესდა, აქვთ თუ არა სამუშაო ვიზები თურქმენეთის მოქალაქეებს, ისინი ლეგალურად არიან დასაქმებული, თუ ტურისტული მოტივით ჩამოიყვანეს და როგორც ადგილობრივები ამტკიცებენ, არალეგალურად ამუშავებენ. კადრებში ჩანს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ ოჯახებით არიან ჩამოსულები, ნაწილს ახლავს მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ადგილობრივების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სქემა ასეთი იყო, ქარხნის ადმინისტრაციამ ვიდრე მუშებს სამსახურიდან დაითხოვდა, მოსთხოვა რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისათვის სამუშაო პროცესი აეხსნათ და შეესწავლათ. მას შემდეგ რაც შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა საწარმოო პროცესი აითვისეს ადგილობრივი გლეხები სამსახურიდან გაუშვეს.
მას შემდეგ რაც "შაბათის ეთერმა" ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კადრები გადაიღო, ადგილზე ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა, "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა სამართალდამცველებს სთხოვა, რეპორტიორებთან ერთად გადაემოწმებინათ, რა სამართლებრივი საფუძვლით მუშაობდნენ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ქარხანაში თურქმენეთის მოქალაქეები და ჰქონდათ თუ არა სამუშაო ვიზა, თუმცა ასე არ მოხდა.
- კანონმდებლობის მიხედვით და მთავრობის 2023 წლის დადგენილებით იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, სავალდებულოა, დამსაქმებელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დასაქმებული დაარეგისტრიროს. ყველა საზღვრის კვეთისას კი რა დროსაც ქვეყანაში ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ პირი საზღვარს გადაკვეთს და უკან შემოვა ახალი შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.