მზია ამაღლობელის მიმართვა: "ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა"

03.05.25 18:43
მზია ამაღლობელის მიმართვა: "ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა"

 

 

"აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა რწმენა ჩემი პროფესიის. ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება" - ამის შესახებ უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ მიმართვაში საუბრობს.

დღეს, 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით კრიტიკული მედია ერთობლივ ეთერს მართავს. საერთო ეთერი სწორედ ოლიგარქის პატიმრის, მზია ამაღლობელის ხმოვანი მიმართვით გაიხსნა. 

დატყვევებული ჟურნალისტი მედიას, საზოგადოებრივ ჯგუფებს და ბიზნესს მიმართავს:

გილოცავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, რომ თქვენ გვერდით არ ვარ. 

ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.

აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება. ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა. 

მჯერა, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან, მარტო არ ხარ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის დაცვას და ქვეყნის შენარჩუნებას და განვითარებასაც. ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავისუფალი, კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.

მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს – ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო. ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან," – განაცხადა მზია ამაღლობელმა ხმოვან მიმართვაში.

  • დღეს 3 მაისია, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე, რომელსაც საქართველო უმძიმესი სტატისტიკით ხვდება. მხოლოდ ერთ წელიწადში, ივანიშვილის რეჟიმის მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, მედიის უფლებების დარღვევის 340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
  • კვლევის შედეგებს მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი აქვეყნებს და წერს, რომ დაფიქსირდა 112 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, 12 უკანონო დაკავების ფაქტი და 77-ჯერ შეზღუდული უფლება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
  • ერთ წელიწადში პირველად შეიქმნა პრეცედენტები, როცა ჟურნალისტებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ ნიღბიანი ზონდერ დაჯგუფებები და ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ. საქართველოს დღეს პირველად ჰყავს ქალი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 
  • ამასთან, უკვე დაიხურა ერთი კრიტიკული არხი, ათობით ჩვენი კოლეგა კი რეჟიმის რეპრესიების გამო საკუთარ პროფესიას ჩამოშორდა.

მსგავსი სიახლეები