"სოლიდარობა მზია ამაღლობელს" - ლონდონში, BBC-ს ოფისთან რეჟიმის პატიმრების აქცია გაიმართა
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ლონდონში, BBC-ს ოფისთან, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა მზია ამაღლობელის და სინდისის სხვა პატიმრების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
"თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს" – ამ შინაარსის ბანერი გაშალეს დემონსტრანტებმა.
ფოტო - პუბლიკა
ცნობისთვის, 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მეორედ დააკავეს.
"ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
13 იანვარს "ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა" გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აგინებს. ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.
ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.