გაირკვა, რომ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ იყო - სახალხო დამცველი პატიმრის გარდაცვალების საქმეზე

05.05.25 11:44
გაირკვა, რომ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ იყო - სახალხო დამცველი პატიმრის გარდაცვალების საქმეზე

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,  გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით,  შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

 ომბუდსმენი სპეციალურ განცხადებაში წერს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი "ვივამედში" პატიმრის კლინიკაში მოთავსების დროს იმყოფებოდა, თუმცა, მასთან მაშინ გასაუბრება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.          

ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები შეისწავლა, თუმცა  უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა.  

მედიით ვრცელდება ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პატიმრის, მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო 2025 წლის 29 იანვარს გახდა. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში. 

სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა კლინიკაში. ასევე, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია, გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს.

სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას „პირველებს“ ვივა-მედის კლინიკური დირექტორი და პატიმრის ადვოკატი უდასტურებს. 

პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ 46 წლის კაცი ციხეში სასტიკად სცემეს. 

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მსჯავრდებულს მხოლოდ პატიმრები ვერ გაუსწორდებოდნენ. უფლებადამცველი ციხის ბადრაგების შესაძლო პასუხისმგებლობის გამოძიებას ითხოვს.