დადიანის ქუჩაზე დანგრეული სახლის მაცხოვრებლები გამგებელს სიცრუეში ამხელენ
დადიანის ქუჩაზე დანგრეული კორპუსის მცხოვრებლები ნაძალადების რაიონის გამგებელს სიცრუეში ამხელენ. ამბობენ, რომ მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არავის არასდროს შეუთავაზებია.
ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს, რომ ალტერნატიულ ფართს მხოლოდ ორ ოჯახს სთავაზობდნენ, რომლებსაც გარკვეული დროის წინ სველი წერტილი ჩამოენგრათ, თუმცა მაშნ ყველა მაცხოვრებელზე საუბარი არ ყოფილა.
ორი ოჯახის გაყვანაზე ნამდვილად იყო ლაპარაკი, მაგრამ ის, რომ მთელი მოსახლეობა საფრთხის ქვეშ ხართ და ჩვენ გთავაზობთ ალტერნატიულ ფართებს და თქვენ დაცალეთ აქაორობა და მერე შევჯერდეთ, თქვენი პრობლემა როგორ მოგვარდეს, და იქ მწვანე კარკასები შევთავაზეთო, ეს აბსურდია. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი, ვისთან ჰქონდათ ეს მოლაპარაკება, ყველაზე პირველი მოსახლე ვარ, ზუსტად 25 წელია აქ ვცხოვრობ. ნამდვილად მოდიოდნენ, სურათებს უღებდნენ, მაგრამ არანაირი შედეგი, არანაირი შეთავაზება არ ყოფილა.
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მერიას და გამგეობას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
მერია მოვიდა დღეს, ახლა უნდა გადაგიყვანთო, ავარიულია და უნდა დაცალოთო, ჩვენ ველოდებოდით ზუსტად ამ შემოთავაზებას. გამგეობაშიც რამდენჯერმე ვიყავით, მერიაშიც გადავედით იქიდან. მერია გვეუბნებოდა გამგეობაზე, გამგეობამ, თქვენ ინვესტორი უნდა ნახოთო... ჩვენ ვინ უნდა გვენახა და არ მოხდა ეს შეთანხმება. გამაგრებას ვოთხოვდით ან შესაბამის ფართს, იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაში ცხოვრება ძალიან საშიშია. გამაგრებაზე თვითონაც უარი თქვეს, რომ ბიუჯეტში უკვე აღარ არის გამაგრება, თქვენ უნდა დაელოდოთ ინვესტორის მოსვლასო. პასუხი მათი ეს იყო.
თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩამოინგრა. დაშავებულია 3 ადამიანი, ორი ადგილობრივი და ერთი მუშა. დაშავებულები დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე დღეს ნაძალადევის რაიონის გამგებელი მივიდა, რომელმაც მედიასთან თქვა, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, მოსახლეობას ჩანაცვლების პროგრამაც შესთავაზეს, თუმცა კოპრუსის მაცხოვრებლებმა თანხმობა არ მისცეს.