ჩუმად ვიყავი, რადგან მითვალთვალებდნენ! - პირველი ინტერვიუ გარდაცვლილი პატიმრის ძმასთან

05.05.25 13:47
ჩუმად ვიყავი, რადგან მითვალთვალებდნენ! - პირველი ინტერვიუ გარდაცვლილი პატიმრის ძმასთან

გარდაცვლილი პატიმრის ძმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.  46 წლის იოსებ გორგაძის ოჯახის წევრი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან.

შოთა გორგაძის განცხადებით, მისი ძმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამების მსხვერპლი იყო - გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ 46 წლის კაცი სასტიკად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა სცემეს. 

მისი თქმით, მას შემდეგ რაც გარდაცვლილს ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომი დაკრძალავენ, ოჯახი პერმანენტულ აქციებს დაიწყებს. 

დასკვნა მაქვს აღებული და ყველაფერი წერია. ერთი დაცემით შეუძლებელია ამ ტრავმების მიღება... არავითარ შემთხვევაში, არცერთი [ქრონიკული დაავადება არ ჰქონია]..."- აცხადებს გარდაცვლილის ძმა. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, შოთა გორგაძის განცხადებით, მთელი ამ დროის განმავლობაში ის მედიასთან მხოლოდ იმიტომ არ კონტაქტობდა, რადგან უთვალთვალებდნენ: 

მე თვითონ შევიტანე (განცხადება) დაწყების დღიდანვე... რას ჰქვია არ ასაჩივრებსო, ახლა მაგათ რა უნდათ, აქამდე რომ მე ჩუმად ვიყავი და ტელევიზიაში არ გამოვდიოდი იმის გამო, რომ დღეში 300 ადამიანი მითვალთვალებდა და იმის შიშის ქვეშ ვიყავი კიდე რამე საფრთხე არ მოსულიყო და იმის გამო, რომ ჩუმად ვიყავი და მაგათ თუ ჰგონიათ გავჩუმდები ბოლომდე...

რა კომუნიკაცია მქონდა?! - მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს დავურეკე ორჯერ დაბადების მეტრიკა და ასლი გადავუგზავნე, რომ დას ენახა მისი ძმა"- აღნიშნა "ტვ პირველთან" შოთა გორგაძემ. 

პატიმრის ძმა მომხდარს შურისძიებას უკავშირებს და ამბობს, რომ ობიექტურად არის გამოსაძიებელი, რა ინტერესი ჰქონდათ "პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს". 

მომხდარს შურისძიებას ვუკავშირებ...  მათი გაკეთებულია - სახელმწიფოს, პენიტენციურის თანამშრომლების. გამოსაძიებელი და გასარკვევია, რა ინტერესი ჰქონდათ"- დასძენს ის. 

იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა.  ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.

  • მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილ იოსებ გორგაძეზე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ბრალდებულზე „ძალადობა“ არ დასტურდება. 
  • ადვოკატი მუხრან ღუწრკაია ფიქრობს, რომ 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ციხის ბადრაგებმაც სცემეს.

"პირველების" მიერ მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტი წერია, რომ პატიმარს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა: 

  • მწვავე ეპიდურული ჰემატომა
  • ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია
  • თავის ტვინის კეროვანი ტრავმა
  • სუბდურული ჰემატომა
  • ქალა-სარქვლის მოტეხილობა
  • ფუძის ძვლების მოტეხილობა
  • თავის ზედაპირული ტრავმა
  • თვალისა და თვალ-ბუდის სხვა ტრავმები

მსგავსი სიახლეები