დავით ხიდაშელმა "რიყის დოქები" გაყიდა - ვინ არის ახალი მფლობელი
“რიყის დოქები“ კვლავ გაიყიდა - "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ობიექტი, რომელიც 2022 წლის 24 მარტს ბიძინა ივანიშვილის პარტნიორმა, დავით ხიდაშელმა 10,020,000 ლარად იყიდა, ამჯერად, შპს ,,რიყე დომ” შეიძინა.
- კომპანიის წილის 100%-ს შპს ნ.გ.ბ. ფლობს, რომელიც თავის მხრივ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნის, დირექტორი კი მიხეილ ტყეშელაშვილია.
ფინანსისტი კორუფციულ გარიგებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ “საინტერესოა, შეუცვლის თუ არა საპრივატიზებო პირობებს სახელმწიფო ახალ შემძენს და რა ფუნქციას შეიძენს ის“.
“რიყის დოქები“ გაიყიდა. შემძენი შპს ,,რიყე დომ” - დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილი - ქართული ოცნების ,,დეპუტატის” გიორგი ბარვენაშვილის ბიზნეს წილების მმართველი, იმავდროულად ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი.
- მესაკუთრე შპს ,,ნ.გ.ბ.” - მესაკუთრე თორნიკე კოპალიანი, “არქის” ფინანსური მენეჯერი.რიყის დოქები სახელმწიფომ 2022 წლის 24 მარტს რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორს, დავით ხიდაშელს მიყიდა 10,020,000 ლარად (საწყისი ფასი 96 მილიონი ლარი იყო !!!). დავით ხიდაშელის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.
ვნახოთ, რეალურად ვინ იყიდა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა, შეუცვლის თუ არა საპრივატიზებო პირობებს სახელმწიფო ახალ შემძენს, რა ფუნქციას შეიძენს ის და გამოიკვეთება თუ არა მორიგი კორიფციული გარიგება რიყის დოქებზე“,- წერს აბესაძე.
მოგვიანებით "არქიმ" განცხადება გაავრცელა, სადაც "რიყის დოქებთან" კავშირი უარყო.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, დეველოპერული კომპანია „არქი“ აცხადებს, რომ არც კომპანიას და არც მის რომელიმე თანამშრომელს არავითარი კავშირი არ აქვს „რიყის დოქების“ შეძენასთან.
კომპანია „არქიში“ მართლაც არის თანამშრომელი - ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი, სახელად თორნიკე კოპალიანი, თუმცა ის არ არის პირი, ვისაც „რიყის დოქების“ შეძენა უკავშირდება.
„არქი“ არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს „რიყის დოქების“ გაყიდვა/შეძენის პროცესში.
გთხოვთ, მედიამ და საზოგადოებამ თავი შეიკავოს ყოველგვარი მცდარი იმფორმაციის გავრცელებისგან." - წერია განცხადებაში.