SOS - ქალაქში მკვლელი ნარკოტიკია - მედიკოსები უმძიმეს შედეგებზე საუბრობენ

05.05.25 20:17
SOS - ქალაქში მკვლელი ნარკოტიკია - მედიკოსები უმძიმეს შედეგებზე საუბრობენ

თბილისში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა. ძვირადღირებული ნივთიერება, რომელსაც კოკაინის სახელით ყიდიან, სინამდვილეში მეტადონის კრისტალებით და ფენტანილით გაჯერებული სინთეტიკური ნარკოტიკია, რომლის მცირე დოზით მიღებაც კი ზედოზირებას იწვევს, მომენტალურად აძნელებს სუნთქვას და სწრაფი სიკვდილი დგება.

უკანასკნელი დღეებია ნარკოლოგებთან მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა დაუდგენელი შემადგენლობის გამო ექიმებს პაციენტების დახმარება უჭირთ. ახალი მკვლელი ნარკოტიკი უკვე კვირებია იყიდება. ექიმები ეჭვობენ, რომ ყოველდღიურად ბაზარზე სხვადასხვა შემადგენლობის ნივთიერებები შემოდის და ამით რეალიზატორები კლუბური ნარკოტიკის სხვადასხვა შემადგენლობას ხალხზე ტესტავენ.

სოციალურ ქსელში კლუბური ცხოვრების მოყვარულმა ხალხმა უკვე განგაშის სიგნალი ჩართო. მოქალაქეები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ არ მოტყუვდნენ და შემთხვევით მკვლელი ნარკოტიკი არ იყიდონ.

სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკის მომხმარებლებს ნარკორეალიზატორები ატყუებენ ე.წ. დარქ ნეტებშიც. ირკვევა, რომ ტელეგრამ არხების მეშვეობით ნაყიდი ნივთიერების ნაცვლად, მომხმარებლებს სულ სხვა შემადგენლობის ნარკოტიკი ხვდებათ. მომაკვდინებელ ნაერთებს ნარკოტიკში იმისთვის ურევენ, რომ მცირე დოზის მიღებით, ნარკოტიკის ეფექტი გაიზარდოს, თუმცა საბოლოოდ ფატალური შედეგი დგება.  

მკვლელი ნარკოტიკი თბილისში - დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.