სისტემის მსხვერპლი პატიმარი - რა წერია სამედიცინო დასკვნაში და ცდილობენ თუ არა საქმის ჩაფარცხვას?

05.05.25 20:03
სისტემის მსხვერპლი პატიმარი - რა წერია სამედიცინო დასკვნაში და ცდილობენ თუ არა საქმის ჩაფარცხვას?

სისტემის მსხვერპლი პატიმარი - იოსებ გორგაძის საქმის ჩაფარცხვა ოლიგარქის პენიტენციური სამსახურის ექიმებმა დოკუმენტის შევსებით დაიწყეს. 23 იანვრით დათარიღებულ ფორმა 100-ში ექიმი წერს, რომ 46 წლის პატიმარს ინსულტი ჰქონდა. 

46 წლის იოსებ გორგაძე სახის არეში 30-ზე მეტი მოტეხილობით და ტვინის შეშუპებით სიკვდილს 3 თვე ებრძოდა. სავარაუდოდ, ის მე-8 დაწესებულებაში საბადრაგო სამსახურმა სცემა. დილიდან პაატა სალიას უწყება თავის მართლების რეჟიმზეა გადასული. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ გლდანის ციხეში არც ჩხუბი ყოფილა და არც პატიმარზე უძალადიათ.

რეჟიმს ტყუილში გარდაცვლილი პატიმრის ძმა ამხელს. იოსებ გორგაძის ოჯახის წევრი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ძმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამების მსხვერპლი იყო.

რაც შეეხება იოსებ გორგაძის უფლებადამცველს, ადვოკატი "პირველებს" უყვება, რომ ყველაფერი ერთი სატელეფონო ზარით დაიწყო. 22 იანვარს პატიმრის თანამესაკნემ ადვოკატს დაურეკა და უთხრა, რომ იოსები საკნიდან გაიყვანეს და აღარ შემოუყვანიათ. 3 თვეზე მეტია იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვერაფერი გამოიძია, ეს ფაქტი დაცვის მხარეს ეჭვებს უჩენს.

გლდანის დაწესებულებიდან ინსულტის დიაგნოზით გაყვანილ პაციენტს კლინიკა "ვივამედში" მძიმე დიაგნოზი პირველივე დღეს დაუსვეს. იმას, რომ პატიმარი სასტიკად იყო ნაცემი, ადასტურებს "პირველების" მიერ მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ პატიმარს თავის ქალის მოტეხილობა, ფუძის ძვლების მოტეხილობა და ჰემატომები ჰქონდა, ამას ემატება თვალ ბუდის ტრავმებიც და ტვინის შეშუპება.

ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 46 წლის კაცი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ისევ უცნობია. მხოლოდ გუშინ ღამე დაიწყო კარლო კაციტაძის უწყებამ გამოძიება, თუმცა ჯერ გლდანის ციხეში არცერთი გამომძიებელი არ მისულა. 

არსებობს თუ არა გამოძიების ეფექტურად ჩატარების იმედი, დეტალები ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში ნახეთ.