მკვლელობა სადგურის მოედანზე - რა გახდა 55 წლის კაცის მკვლელობის მიზეზი

05.05.25 20:13
მკვლელობა სადგურის მოედანზე - რა გახდა 55 წლის კაცის მკვლელობის მიზეზი

პირველი ინტერვიუ თვითმხილველთან, რომელიც თბილისის ხალხმრავალ ადგილზე მკვლელობამდე შელაპარაკებას შეესწრო. ქალი გვიყვება, რომ ვაგზლის მოედანზე მკვლელობა საცხობთან მოხდა. 55 წლამდე კაცი საცხობთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, რა დროსაც მცხობელმა მას შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ არ მოეწია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა.

ამის შემდეგ პროცესები სწრაფად განვითარდა. თვითმხილველი მაღაზიაში შევიდა, რა დროსაც გაიგო, როგორ ეძახდა მცხობელი დაცვას და მაღაზიიდან გამოსულს შუახნის მამაკაცი მოკლული დახვდა. 

აბასთუმნის პირველ ნომერთან სისხლის გუბეები ახლაც დგას. ნიკაპისა და თავის არეში მიყენებული დაზიანებების გამო, 55 წლამდე მამაკაცი სისხლისგან დაიცალა. მისი გადარჩენა ვაგზლის მოედანზე მოქალაქეებმა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. კაცი სისხლისგან ისე სწრაფად დაიცალა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი? - ვრცელდება სხვადასხვა ვერსია მკვლელობის იარაღსა და მოტივთან დაკავშირებით. ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი საშაურმესთან სიგარეტის გამო დაწყებული შელაპარაკება გახდა, რაც ხელჩართულ ჩხუბსა და ცივი იარაღით მკვლელობით დასრულდა. ვრცელდება მეორე ვერსიაც. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ შელაპარაკების დროს 55 წლამდე მამაკაცს მუშტი დაარტყეს სახეში, ის დაეცა და თავი დაარტყა. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, ვიდეოკამერებითაა გარშემორტყმული. თუ პოლიცია კადრებს დროულად ამოიღებდა, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული უნდა იყოს. თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

იყო თუ არა ეს განზრახ მკვლელობა? - დეტალები დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები