გარდაცვლილი პატიმრის საქმე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი კომენტარს აკეთებს
პატიმარ იოსებ გორგაძეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ ურთქმელიძე კომენტარს აკეთებს.
მალხაზ ურთქმელიძე ირწმუნება, რომ ბრალდებულს საკანში მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებოდა და პატიმარი იატაკზე მწოლიარე უგონო მდგომარეობაში იხილეს. მისივე განმარტებით, ამის შემდეგ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ურთქმელიძის მტკიცებით, გარეგანი დათვალიერების შედეგად, პატიმრის სხეულზე ვერანაირი სახის დაზიანება ვერ აღმოაჩინა.
მალხაზ ურთქმელიძე ამბობს, რომ პატიმარს კლინიკაში შეყვანისას წარბის არეში მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა აღენიშნებოდა, რაც მისივე მტკიცებით, უგონო მდგომარეობაში მყოფმა იოსებ გორგაძემ ტრანსპორტირებისას, რკინის მაგიდაზე თავის მირტყმის შედეგად მიიღო.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ დამატებითი განმარტებები.
როგორც უკვე გაჟღერდა, ამა წლის 23 იანვარს საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა, სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია. გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას.
კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა.
ერთი საინტერესო დეტალიც, იგივე კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარერქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.
ახლა რაც შეეხება, პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს - სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ ფორმა100 წარმოადგენს, კლინიკის საბოლო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა, აბსურდია.
საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველა ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით”, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძე.
იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა. ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.
- მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილ იოსებ გორგაძეზე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ბრალდებულზე „ძალადობა“ არ დასტურდება.
- ადვოკატი მუხრან ღუწრკაია ფიქრობს, რომ 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ციხის ბადრაგებმაც სცემეს.
"პირველების" მიერ მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტი წერია, რომ პატიმარს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა:
- მწვავე ეპიდურული ჰემატომა
- ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია
- თავის ტვინის კეროვანი ტრავმა
- სუბდურული ჰემატომა
- ქალა-სარქვლის მოტეხილობა
- ფუძის ძვლების მოტეხილობა
- თავის ზედაპირული ტრავმა
- თვალისა და თვალ-ბუდის სხვა ტრავმები