უნდათ, მათი დანაშაული დაფარონ და უდანაშაულო პატიმარი დასაჯონ - გარდაცვლილი პატიმრის ძმა შურისძიების მოტივს გამორიცხავს და ბრალს პენიტენციურ სამსახურს სდებს

05.05.25 21:47
უნდათ, მათი დანაშაული დაფარონ და უდანაშაულო პატიმარი დასაჯონ - გარდაცვლილი პატიმრის ძმა შურისძიების მოტივს გამორიცხავს და ბრალს პენიტენციურ სამსახურს სდებს

გარდაცვლილი პატიმრის საქმე - იოსებ გორგაძის ძმა ხელს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ადებს. შოთა გორგაძე "ტვ პირველის" ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ მის ძმას დაზიანებები არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა სხვა პატიმრებმა, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მიაყენეს. 

შოთა გორგაძეს არ სჯერა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის, რომ თითქოს, მისმა ძმამ დაზიანებები, მათ შორის თავის არეში მოტეხილობები, "წაქცევის" შედეგად მიიღო.

იოსებ გორგაძის ძმის განცხადებით, მისი ოჯახის წევრს, რომელიც კლინიკაში 4 მაისს გარდაიცვალა, იმდენად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რომ მეათე სართულიდან გადმოვარდნილს ჰგავდა.

მეათე სართულიდან რომ გადმოვარდეს, იმ დონის ტრავმები ჰქონდა. ეს არის სპეციალურად გაკეთებული პენიტენციური სამსახურის მიერ. მე სხვა განცდა არ მრჩება, იმიტომ რომ პენიტენციური სამსახური იყო ვალდებული, რომ დაეცვა. გამოვრიცხავ შურისძიების მოტივს. ამას პატიმარი ვერ გააკეთებდა. ჩანს, რომ უნდათ მათი დანაშაული დაფარონ და ჩემი ძმის მსგავსად ვიღაც უდანაშაულო უნდა დასაჯონ კიდე, ამიტომ ვაკეთებ ამ განცხადებას...

ეს უბრალოდ სასაცილოა. ადამიანი თავისი სიმაღლიდან გადმოვარდეს, დაეცეს და 27 მოტეხილობა მიიღოს თავის არეში? ეს უბრადოდ სასაცილოა." - განაცხადა შოთა გორგაძემ. 

"ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" შოთა გორგაძე კიდევ ერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს. მისი თქმით, იოსებ გორგაძის ოჯახის წევრებმა პატიმრის კლინიკაში გადაყვანის შესახებ 48 საათის შემდეგ გაიგეს. გორგაძის განმარტებით, ფაქტის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არა პენიტენციურმა სამსახურმა, არამედ პატიმრის თანასაკნელმა მიაწოდა. 

48 საათის შემდეგ ადვოკატს ურეკავს თანასაკნელი ტელეფონით და ეუბნება, რომ იოსებ გორგაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ეს საეჭვო ფაქტორია. 48 საათი დამალული ჰყავდათ, არც ადვოკატს და არც ოჯახის წევრს არ გვაცნობეს და თანასაკნელი ურეკავს ადვოკატს. არაფერი არ ვიცოდით ჩვენ მისი მდგომარეობის შესახებ. დაწერილი ჰქონდათ სცენარი, რომ ვიღაც პატიმარზე უნდა გადაებრალებინათ თავისი დანაშაული. მე ამას გამოვრიცხავ, პატიმარი ამას ნამდვილად ვერ შეასრულებდა და არც შურისძიების მოტივი არ იქნება", - ამბობს შოთა გორგაძე.

შოთა გორგაძე "ტვ პირველის" მაყურებელს ინფორმაციას დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის შესახებაც აცნობს. როგორც ის პირდაპირ ეთერში აცხადებს, დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თავის მირტყმის, ან წაქცევის შედეგად ასეთი ტრამვების მიღება შეუძლებელია. 

ამასთან, იოსებ გორგაძის ძმამ მასზე განხორციელებულ თვალთვალთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადება და თქვა, რომ "გაჩუმებას არ აპირებს". 

თუ უნდათ, ჩემი გაჩუმება სცადონ, გაჩუმებას არ ვაპირებ. სტრასბურგში კი არა, ჰააგის სასამართლომდე ჩავყვები" - განაცხადა შოთა გორგაძემ.

იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა.  ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.

  • მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილ იოსებ გორგაძეზე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ბრალდებულზე „ძალადობა“ არ დასტურდება. 
  • ადვოკატი მუხრან ღუწრკაია ფიქრობს, რომ 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ციხის ბადრაგებმაც სცემეს.

"პირველების" მიერ მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტი წერია, რომ პატიმარს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა: 

  • მწვავე ეპიდურული ჰემატომა
  • ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია
  • თავის ტვინის კეროვანი ტრავმა
  • სუბდურული ჰემატომა
  • ქალა-სარქვლის მოტეხილობა
  • ფუძის ძვლების მოტეხილობა
  • თავის ზედაპირული ტრავმა
  • თვალისა და თვალ-ბუდის სხვა ტრავმები

მსგავსი სიახლეები