"პატიმარს დაზიანებები ბლაგვი საგნების არაერთჯერადი მოქმედებით ჰქონდა მიყენებული" - ადვოკატი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს
ადვოკატი მუხრან ღურწკაია "ტვ პირველის" ეთერში იოსებ გორგაძისთვის ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს - როგორც უფლებადამცველი ამბობს, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 46 წლის კაცს თავისა და სხეულის არეში დაზიანებები მიყენებული "ბლაგვი საგნების არაერთჯერადი მოქმედებით" ჰქონდა.
მისივე განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურმე პატიმარმა დაზიანებები "წაქცევის" შედეგად მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" იოსებ გორგაძე გადაყვანილი იქნა თავის ტვინის ინსულტით, თუმცა როდესაც კლინიკაში შეიყვანეს, მას არ დაუდასტურდა თავის ტვინის ინსულტი და ჩამოთვლილია ყველა ის დაზიანება, რომელიც მას გააჩნდა. შესაბამისად, გამოირიცხა თავის ტვინის ინსულტი, რადგან მას ჰქოდნა თავის, სახის მიდამოებში 30-მდე მოტეხილობა. პრაქტიკულად, არ დარჩა თავის მიდამოში ადგილი, რომ მას დაზიანება არ ჰქონოდა...
ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა და დავსვით კითხვები, ადამიანის სიმაღლიდან ვარდნით შეიძლებოდა თუ არა, ეს დაზიანება მიეღო. დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ გასცა პასუხი, რომ მიყენებული დაზიანება ბლაგვი საგნების არაერთჯერადი მოქმედებით არის მიყენებული. რა ვერსიასაც გამოძიება და პენიტენციური სამსახური ავითარებს, ეს შეუძლებელია". - განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა. ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.
- მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილ იოსებ გორგაძეზე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ბრალდებულზე „ძალადობა“ არ დასტურდება.
- ადვოკატი მუხრან ღუწრკაია ფიქრობს, რომ 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ციხის ბადრაგებმაც სცემეს.
"პირველების" მიერ მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტი წერია, რომ პატიმარს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა:
- მწვავე ეპიდურული ჰემატომა
- ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია
- თავის ტვინის კეროვანი ტრავმა
- სუბდურული ჰემატომა
- ქალა-სარქვლის მოტეხილობა
- ფუძის ძვლების მოტეხილობა
- თავის ზედაპირული ტრავმა
- თვალისა და თვალ-ბუდის სხვა ტრავმები