დავით ხიდაშელი "რიყის დოქების" გაყიდვის მთავარ მიზეზად არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს ასახელებს

06.05.25 12:43
დავით ხიდაშელი "რიყის დოქების" გაყიდვის მთავარ მიზეზად არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს ასახელებს

დავით ხიდაშელი "რიყის დოქების" გაყიდვის მთავარ მიზეზად არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს ასახელებს. ივანიშვილის მეგობარი ბიზნესმენი 6 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს გამო, ინვესტორების მოზიდვა ვერ მოახერხა.

ღია განცხადება ხიდაშელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელმა "რიყის დოქები" შპს "რიყე დომს" მიჰყიდა.

"ჩემი ინიციატივით ღია სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე რიყის დოქები, სადაც მსურდა დამეფუძნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმი. სწორედ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო სივრცე, სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფინებოდა 250-ზე მეტი უნიკალური რუკა, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი საქართველოს სახელმწიფოს. მანდვე უნდა განთავსებულიყო მსოფლიო ღვინის მუზეუმი და სხვა მრავალი ტექნოლოგიური სივრცე.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ, ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა მომავალშიც შევეცდებით შეძლებისდაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ.

ამასთანავე, საჭიროდ ვთვლი განვაცხადო:

არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკური პროცესების მონაწილე ან პოლიტიკური ძალების ინტერესების გამტარებელი;
ჩემი ეგრედ წოდებული „რუსეთში ბიზნეს საქმიანობა“ ათ წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და მას შემდეგ რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ტყუილად მაბრალებენ რუსეთთან არ არსებულ კავშირებს.
ჩემი საქმიანობა სრულად დისტანცირებულია შიდა ან გარე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან;
ყველა ცილისმწამებლური მცდელობა, რომ ჩემი სახელი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ქულების დასაწერად, მკაცრად მიუღებელია.
მოვუწოდებ მედიას:

დაიცვას ბალანსი,
შეამოწმოს ინფორმაცია ფაქტობრივად და სამართლებრივად,
და პატივისცამით მიუდგეს როგორც საზოგადოებას, ისე თითოეულ ინდივიდუმს.
მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ იპოვის საკუთარ გზას, და მედია სწორად შეაფასებს ჩემი საქმიანობის მნიშვნელობას", - წერია განცხადებაში.

  • "რიყის დოქების" ახალ მფლობელი შპს "რიყე დომია" - საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიის 100 %-იან წილს ფლობს შპს ნ.გ.ბ. თავის მხრივ, ნ.გ.ბ-ის მფლობელი კი თორნიკე კოპალიანია.
  • კომპანიის დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. ამ კომპანიის გარდა მიხეილ ტყეშელაშვილი არის რამდენიმე სხვა კომპანიის დირექტორიც: შპს „ბუფალო“, შპს „ზაჰესი ლენდს“, შპს „ორთაჭალ ოილ”, შპს „პორტრეტ თბილისი”, შპს „დი ვიჟენ გრუპი”, შპს „შაქრო ფროფერთი”. კომპანია „ბუფალოს” ის თავად ფლობს.
  • რაც შეეხება თორნიკე კოპალიანს – ის ფლობს შპს ბამბუ გარდენსის წილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირი.

 

მსგავსი სიახლეები