26 წლის სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის წერილი ციხიდან
როცა ქვეყანას არასწორი ადამიანები მართავენ, ზუსტად ეს ადამიანები არიან მიზეზნი იმ ბოროტებისა, რასაც დღეს საზოგადოებაში თესავენ - ამის შესახებ 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
სინდისის პატიმარი ამბობს, რომ კანონები მხოლოდ მათზე მოქმედებს, მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების წარმოამდგენლებს კი "არხეინად და უდარდელად სძინავთ თავიანთ სახლებში".
26 წლის მუსიკოსი ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა ბრძოლის ხაზი ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გადის.
კანონის აღსრულებაზე ისე გველაპარაკებით, თითქოს თქვენს მიერ ჩადენილი ქმედებები უკანონო არ იყოს - ეუბნება რეჟიმს პოლიტიკური ტყვე.
კანონის აღსრულებაზე და უზანაესობაზე ისე გველაპარაკებით, თითქოს თქვენს მიერ ჩადენილი ქმედებები უკანონო არ იყოს. როგორც ჩანს, კანონები მარტო ჩვენთვის მოქმედებს და არა იმ მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების შეფებსა და წარმომადგენლებზე, რომელთაც ალბათ, დღესაც არხეინად და უდარდელად სძინავთ თავიანთ სახლებში და თავი ხელშეუხებლები და კანონმორჩილები ჰგონიათ. სწორედ ეს არის ამ დიქტატორული რეჟიმის ნამდვილი რეალური და უსამართლო სახე, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი ღირსების ორდენოსანი პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და მათი ჩინოვნიკები წარმოადგენენ.
ჩვენ ყველანი ასეთი მცირერიცხოვანი და ასეთი პატარ ქვეყნის შვილები ვართ და იმის მაგიერ, რომ ვიცავდეთ, გვიყვარდეს, ვიცავდეთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პირიქით, ერთმანეთს ვმტრობთ და ვშუღლობთ, ეს კი იმის ბრალია, როცა ქვეყნის მართვა არასწორ ადამიანებს უვარდებათ ხელში და ზუსტად ეს ადამიანები არიან მიზეზნი იმ ბოროტებისა, რასაც დღეს საზოგადოებაში თესავენ. მათ არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეები ბედი. მათი ინტერესი მხოლოდ ფული და ძალაუფლებაა, რის შესანარჩუნებლადაც ყველაფერზე არიან წამსვლელები. ეს არის მათი ბინძური თამაში, რომელიც ტყუილსა და ბოროტებაზეა დაფუძნებული. ასე, რომ სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გამოფხიზლიდით და გადმოდით სიკეთისა და სინათლის მხარეს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერს სიბნელე მოიცავს, ჩვენ კი სინათლის გარდა სხვა აღარფერი დაგვჩა დასაკარგი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველას, ჩვენი მცირედი ვალი გვაქვს მოსახდელი საკუთარი სამშობლოს წინაშე და როგორც მე ისე დანარჩენი რეჟიმის ტყვეები, ჩვენი მშობლები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოველდღე რუსთაველის გამზირზე უშიშრად დგას, ამ გზას ამაყად ვადგავართ", - წერს დავით ხომერიკი.
ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.