ექსკლუზივი: ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ციხის ოთხმა თანამშრომელმა სასტიკად სცემა - 32 წლის კაცი საწოლს მიეჯაჭვა
პენიტენციური სამსახური მორიგ სკანდალში ეხვევა - "პირველებმა" ჩაწერა ყოფილი პატიმარი, რომელიც ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობასა და სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
32 წლის ნიკა ბასილაძე, 8 თვიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკა "ვივა-მედიდან" 10 დღის წინ გაწერეს, თუმცა ახალგაზრდა კაცი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება.
ოჯახი ამტკიცებს, რომ 2024 წლის 24 აგვისტოს პატიმარი ქუთაისის ციხის მაღალჩინოსნებმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის მცდელობის ინსცენირება მოაწყვეს.
ბასილაძის ახლობლები ამტკიცებენ, რომ 32 წლის პატიმარს მძიმე დაზიანებები ქუთაისი ციხის რეჟიმის უფროსმა და საბადრაგოს სამსახურმა მიაყენა, თუმცა პასუხი არავის უგია, რადგან დოკუმენტები გააყალბეს და თქვეს რომ პატიმარმა დაზიანებები თავად მიიყენა, როცა თავს იკლავდა.
ესენი (ორი პატიმარი) დომინოს თამაშობდნენ, (ციხის თანამშრომლებმა) შემოუსწრეს და ჩხუბი დაუწყეს ნიკას. ამ ჩხუბში ტილოში გახვეული ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რომ თავი არ გასკდომოდა, ამის შემდეგ გაითიშა, ამ გათიშვილს შემდეგაც ურტყეს, დაუშალეს ფაქტობრივად თვალი, ცხვირი, შუბლის ძვლები გატეხილი ჰქონდა. ნახევარი თავი არ აქვს - "პლასთმასი" აქვს ჩადგმული. მარჯვენა მხარეს რომ დაარტყეს, ბზარი მარცხენა მხარეს, თვალთან გამოუვიდა.
ესეც არ ეყოთ, ტუალეტში შეიყვანეს, ვიდეო-თვალი გათიშეს, ვენები გადაუხსნეს (ერთ ხელზე ორ ადგილზე, მეორეზე ერთხელ). ამის შემდეგ ფეხზე წამოაყენეს... ციხის უფროსი მეუბნება, რომ უნიტაზზე იჯდაო. ექიმს რომ ვუთხარი, "უნიტაზი ალბათ, მეათე სართულზე იყოო" - აცხადებს პირველებთან ყოფილი პატიმრის მამა, ბეჟან ბასილაძე.
ნიკა ბასილაძის ოჯახი ამბობს, რომ ალაპარაკება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გლდანის მერვე დაწესებულებაში სავარაუდოდ ნაცემი პატიმარი, იოსებ გორგაძის კლინიკა "ვივამედში" გადაიცვალა.
ბასილაძის ოჯახის წევრები "პირველებთან" ამბობენ, რომ გაბიტაშვილის უწყებას პატიმრის ცემის გამოძიების მოთხოვნით, უახლოეს პერიოდში მიმართავენ.
ოჯახის ინფორმაციით, ნიკა ბასილაძის ცემის დამკვეთი და თვითმხილველი, რომელიც წლების განმავლობაში ქუთაისის ციხის რეჟიმის უფროსი იყო, რამდენიმე თვის წინ ლაითურში გადაიყვანეს.