“მსგავსი სამარცხვინო სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ მაუწყებელს აქამდე არ ჰყოლია“-ნინო ზაუტაშვილი
“რეალურ სივრცეს“ ვერავინ ჩაახშობს, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ხმა გავაგონოთ ყველას და მათთან დავბრუნდეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ზაუტაშვილი ამბობს, რომ “მსგავსი სამარცხვინო სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ მაუწყებელს აქამდე არ ჰყოლია“.
ჟურნალისტის თქმით, ის გადაწყვეტილება, რომელიც “რეალურ სივრცესთან“ დაკავშირებით მიიღეს, მათ მიერ იყო მიღებული და მნიშვნელობა არ აქვს, საიდან უკარნახეს ეს.
“რეალურ სივრცეს“ ვერავინ ჩაახშობს, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ხმა გავაგონოთ ყველას და მათთან დავბრუნდეთ. არავინ იფიქროს, რომ “რეალური სივრცე“ გაჩერდა. ჩვენ ერთი წელია გადაგვიყვანეს რადიო ფორმატში. ჩვენ თავიდანვე გვქონდა მძიმე საუბარი მენეჯმენტთან და მე ავუხსენი, რომ როდესაც ვსაუბრობთ გელათზე, აუცილებელია ვაჩვენოთ რა მდგომარეობაშია გელათი, როდესაც ვსაუბრობთ გაჭირვებულ ადამიანზე, უნდა ვაჩვენო ეს ადამიანი და სხვამ, მეორე მოქალაქემ, უნდა იგრძნოს მისი გასაჭირი.
მინდა თიკა ბერძენიშვილს ვუთხრა ერთი რამ, როდესაც ევროკავშირმა რეზოლუციაში შეიყვანა მაღლაფერიძე დ ბერძენიშვილი, ეს მან ჩვენ დაგვაბრალა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა გავაკეთეთ ეს. იმედი მაქვს, ახლა თინა არ ფიქრობს, რომ პირადად ტრამპს და დიფ სთეითს მივწერეთ მის შესახებ, რომ საქნცირებულთა სიაში ყოფილიყვნენ. დიდი იმედი მქონდა, რომ ეს ადამიანი შეძლებდა იმ ზემოქმედების დაძლევას, რაც მაღლაფერიძისგან საზმაუში ყველა დარჩენილ წევრს აქვს. მსგავსი სამარცხვინო სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰყოლია და ეს არის ერთმნიშვნელოვნად მათი მიღებული გადაწყვეტილება. თქვენი სახელები არ ვიცი როგორ შევა ისტორიაში, მაგრამ “რეალურმა სივრცემ “თავისი სათქმელი თქვა და კიდევ იტყვის, აუცილებლად“,- განაცხადა ზაუტაშვილმა.