მსჯავრდებული ნიკა ბასილაძის საქმეზე პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს - რა ჩანს კადრებში

07.05.25 10:24
მსჯავრდებული ნიკა ბასილაძის საქმეზე პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს - რა ჩანს კადრებში

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის ნიკა ბასილაძისა და მისი ოჯახის მამხილებელი განცხადების შემდეგ, კადრებს ასაჯაროებს. 

სალიას უწყება თითქმის 9 წუთიან ვიდეოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ პატიმრის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის ოჯახის ნაამბობს სიცრუეს უწოდებს. 

განცხადების თანახმად, 2024 წლის 25 აგვისტოს, ნიკა ბასილაძემ ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. 

  •  ნიკა ბასილაძის საკნის ვიდეო ჩანაწერში ჩანს როგორ გადაჰყავთ ბადრაგებს და ექიმებს, უკვე დასისხლიანებული პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით.

ნ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკში, ქ. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო კვლევების შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, იმავე დღეს - კლინიკა „ვივამედში“.

2024 წლის 4 ნოემბერს შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 25 აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობისას ნ.ბ.-ს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს არაერთხელ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით მოპოვებული კადრები.

2025 წლის 23 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. ცნო დამნაშავედ სსკ-ის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით"- წერს უწყება. 

განცხადების თანახმად, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისთანავე მსჯავრდებულს გადაუვადა სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე, რის საფუძველზეც ნ.ბ. გათავისუფლდა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან.

სალიას უწყება პატიმარების მდგომარეობის გაშუქების გამო მედიას აკრიტიკებს და იმუქრება:

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე"- აღნიშნულია განცხადებაში. 

საქმე ეხება "ტვ პირველის" მიერ ქართული ოცნების რეჟიმის მმართველობის პერიოდში ციხეში დაზარალებულ 32 წლის ნიკა ბასილაძის ოჯახთან ჩაწერილ სკანდალურ ინტერვიუს, სადაც ბასილაძის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ქუთაისის ციხის ბადრაგმა სცემა. 

ოჯახის თქმით, პატიმარი მძიმე დაზიანებებით, საპატიმროდან დაზიანებით ჯერ კლინიკა "ვივამედში" მოხვდა, ახლა კი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და საუბარი უჭირს.