"ვერ ვაკონტროლებთ რა ხდება მის თავში, რადგან ტომოგრაფია ასე ხშირად არ კეთდება" - ანტონ ჩეჩინის ცოლი

"ვერ ვაკონტროლებთ რა ხდება მის თავში, რადგან ტომოგრაფია ასე ხშირად არ კეთდება" - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ანტონ ჩეჩინის ცოლმა "პირველებს" განუცხადა.
- 28 აპრილს გაირკვა, რომ აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისივე პროცესს ვერ დაესწრო, რადგან მას თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს.
მანჩო სამხარაძე ამბობს, რომ ჩეჩინი პატიმრობის პირობებში ოპერაციის გაკეთებაზე უარს აცხადებს, თუმცა სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ კვლევებმა სხვა სურათი აჩვენოს და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდეს.
ნორმალურად იყო, შესაბამისად ვიცით, რომ დღეს უნდა მოვიდეს. უნდა, რომ ივლისში ისევ გაიკეთოს ტომოგრაფია და შემდგომ გადაწყვიტოს გაიკეთებს თუ არა ოპერაციას, იმის მიხედვით, თუ რა შედეგი დაგვხვდება ამ ტომოგრაფიაზე. უშვებს ვარიანტად, რომ შეიძლება ოპერაცია მართლა გაიკეთოს, თუმცა ისევ არ უნდა, რა თქმა უნდა ოპერაციის გაკეთება იმ პირობებში, სანამ ციხეშია, მაგრამ შეიძლება გარდაუვალი იყოს.
არ ვიცი ზუსტად დღეს რომელი მოწმე მოვა, რა თქმა უნდა ისევ მათი ცრუ მოწმეები იკითხებიან. ვერ ვაკონტროლებთ თუ რა ხდება მის თავში, რადგან ტომოგრაფია არ კეთდება ასე ხშირად.
წინა სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ ჩეჩინისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები მიზეზად ჩეჩინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდნენ. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჩეჩინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს სახლთან დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს.