სინდისის პატიმრების პროცესი - სასამართლოში სპეცრაზმელი იკითხება

07.05.25 13:39
სინდისის პატიმრების პროცესი - სასამართლოში სპეცრაზმელი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელი პროცესი პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

ამ წუთებში სასამართლოს პროკურატურის მიერ მოწმედ მიყვანილი სპეცრაზმელი, გივი წიქორიძე აძლევს ჩვენებას.

წიქორიძემ ისაუბრა 28 ნოემბრის ეპიზოდზე და თქვა, რომ უშუალო უფროსისგან მიიღო ბრძანება ჭიჭინაძის ქუჩაზე ჩასულიყო, თუმცა რა სახის მართლწესრიგს იცავდა, ამას მოწმემ ვერ უპასუხა.  

სპეცრაზმელმა ასევე თქვა, რომ 28 ნოემბერს მიიღო თვალის დაზიანება, რის გამოც დაზარალებულადაც არის ცნობილი.

სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმე პოლიციელს ჰკითხა, რაიმე ტიპის საგამოძიებო პროცესში მიიღო თუ არა მონაწილეობა, კერძოდ კი, საქმეზე დაკავებული პირების ამოცნობის პროცესში, რაზეც გივი წიქორიძემ უპასუხა, რომ მათი ამოცნობის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც თვალი ჰქონდა დაზიანებული.

ამის შემდგომ, ერთ-ერთი ბრალდებულის, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ ჰკითხა გივი წიქორიძეს, ხომ არ უნახავს ისეთი ფაქტი, რომ აქციაზე კონკრეტული მითითებები გაეცა ზვიად ცეცხლაძეს? რაზეც მან ასე უპასუხა: „კონკრეტულად არ დამინახავს, შესაძლებელია აქ იყო“.

სხდომაზე, ბრალდებულმა ზვიად ცეცხლაძემ ჰკითხა მოწმეს, უშუალოდ, რამ გამოიწვია მისი თვალის დაზიანება, ფოიერვერკმა, თუ სხვა ნივთმა? რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ “ფოიერვერკმა”.

შეკითხვა გივი წიქორიძეს ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა კიდევ დაუსვა - ზუსტად იცის, თუ არა ის, რომ მისი დაზიანება მოჰყვა “ზვიად ცეცხლაძის მიერ დაორგანიზებულ ქმედებას?”, რაზეც პოლიციელმა ასე უპასუხა: “ეს ზუსტად არ ვიცი”

სინდისის 8 პატიმრის სასამართლოს ესწრებიან მათი ოჯახის წევრებიც. ზვიად ცეცხლაძის მამას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. ზურაბ ცეცხლაძის თქმით, რიგ შემთვევაში მოსამართლეები საერთოდ არ უსმენენ ბრალდებულებს, რადგან წინასწარ დაწერილი განაჩენით ხელმძღვანელობენ. 

პროკურატურის მოწმეები იქნებიან, სავარაუდოდ პოლიციელები, ოღონდ როგორც მითხრეს მხოლოდ ორი ბრალდებულის საქმეზე გამოძახებული მოწმეები იქნებიან პოლიციელები - გორგაძე და არვიცი მეორე ვინაა. სინამდვილეში იმიტომ შევდივარ, რომ ზვიადს ვუყურო ახლოდან, თორემ არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რადგან მართლმსაჯულება მკვდარია, ნულოვანია ნდობა სასამართლოსი. თუ დააკვირდებით, მოსამართელსაც არ აინტერესებს, ნახევარს არ უსმენს, რადგან წინასწარ იცის, რომ განაჩენი უნდა დააყენოს", - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები