იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ იანვარში დაიწყო - ადვოკატი კიდევ ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე

07.05.25 16:03
იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ იანვარში დაიწყო - ადვოკატი კიდევ ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე

გომელაურის უწყებამ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო - დღეს აღნიშნულ საქმეზე სხდომა მოსამართლე მარიანა ფომაევამ გახსნა, თუმცა დაკავებული ჟურნალისტის მოთხოვნის საფუძველზე გადადო. მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დასწრებია.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ადვოკატის გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გაკვრა კედელზე შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რაც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ იანვარში დაიწყო.

„დღევანდელი საქმის განხილვა შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს. 2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გაკვრა კედელზე შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, 3,5 თვის შემდეგ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალებში მხოლოდ საუბარი არის სტიკერის გაკვრაზე და სხვა გარემოებებში მითითებული არის პოლიციელთა ჩვენებები. ის ფაქტი, რომ ზოგადად, შს სტიკერის გაკვრას თვლის სამართალდარღვევად, ეს არის აბსოლუტურად არათავსებადი როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანების უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან. აქამდე არსებული პრაქტიკა, პრეცედენტები, რაც იყო დამკვიდრებული, სტიკერის გაკვრა არ განიხილებოდა და არ ფასდებოდა, როგორც სამართალდარღვევა.

2025 წლის 11 იანვრიდან დღემდე მზიას მიმართ გავრცელებული რეპრესიული პოლიტიკა არის ამ ქმედების ერთ-ერთი გამოხატულება. მის მიმართ დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა გამოიხატება მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებში. ცხადია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ იყო უცხო და გასაკვირი. თავისთავად, ამ ფორმატით საუბარი ნიშნავს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება შეგვიძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ვინაიდან შსს მიიჩნევს, რომ სტიკერის გაკვრა არის კანონდარღვევა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება – საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

მსგავსი სიახლეები