"ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას" - ირაკლი მიმინოშვილი მოწმე პოლიციელს

07.05.25 16:19
"ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას" - ირაკლი მიმინოშვილი მოწმე პოლიციელს

სახლში რომ მოხვედით, ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას, კბილების გახეხვაზეც გეხვეწებოდით - იყო თუ არა ასე?! - ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, ირაკლი მიმინოშვილმა პოლიციელ გელა გულორდავას.

  • 8 პოლიტპატიმრის სასამართლოზე კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, გელა გულორდავა გამოკითხეს, რომელმაც ირაკლი მიმინოშვილი დააკავა. 

მიმინოშვილმა გულორდავას ასევე ჰკითხა, მასთან სახლში მისვლისას „ხომ არ გაუკეთებია რაიმე კანონსაწინააღმდეგო“.

რეჟიმის ტყვემ სხდომაზე ასევე თქვა, რომ დაკავების მომენტში ერთ-ერთი პოლიციელი მას ნეკნებში აწვებოდა.

„სახლში რომ მოხვედით ჩემთან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაგიკეთებიათ?, სახლში რომ მოხვედით, ერთი ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას, კბილების გახეხვაზეც გეხვეწებოდით. თქვენ რომ შემოხვედით პირველი, რაც მოხდა ჩემი და იღებდა ვიდეოს, თქვენ მივარდით და ნუ იღებთო, მე ვყვიროდი ჩემს დას ხელი არ დააკაროთ-მეთქი და თქვენი თანამშრომელი ნეკნებში მაწვებოდა, თქვენც იყავით სახლში და ხომ არ დაგინახავთ?

„არა“ - უპასუხა პოლიციელმა

ირაკლი მიმინოშვილმა დაკავების შემდეგ მანქანის ეპიზოდი გაიხსენა და იკითხა: „თქვენგან იყო თუ არა კითხვა პოლიციელებისადმი ავტომობილში: ფეიერვერკებს რომ ისროდნენ და ნივთებს, თავზე რატომ არ გადაალეწეო? - პოლიციელმა უარყო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების პერიოდში დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.