პროკურატურის მოწმე ვერ ამბობს, ვისი ნასროლი ქვა მოხვდა თვალში - დეტექტივმა იდენტური ჩვენება მისცა სხვა სინდისის პატიმრების საქმეზეც

08.05.25 14:56
პროკურატურის მოწმე ვერ ამბობს, ვისი ნასროლი ქვა მოხვდა თვალში - დეტექტივმა იდენტური ჩვენება მისცა სხვა სინდისის პატიმრების საქმეზეც

სასამართლოზე სინდისის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის წინააღმდეგ მიყვანილი მოწმე ვერ ამბობს, ვისი ნასროლი ქვა მოხვდა თვალში.

დეტექტივი გიორგი ზაბახიძე ირწმუნება, რომ აქციაზე დაშავდა, თუმცა ვისი ქმედების შედეგად - ეს კითხვა პასუხგაუცემელია.

პროკურორის კითხვაზე, უშუალოდ ვინ ისროდა ქვებს, ზაბახიძემ უპასუხა, რომ დემონსტრანტები.

"აქციის მონაწილეების მხრიდან დაიწყო სროლები, მოდიოდა სხვადასხვა საგნები და აქციის მონაწილეებისგან მოხდა ჩემი დაზიანება...

ძალიან ბევრ ქვას, ნივთს ისროდნენ ჩვენი მისამართით. საავადმყოფოში ერთ-ერთი პირველი შემიყვანეს, შემდეგ შემოიყვანეს რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებისგან მიიღეს დაზიანება",- განაცხადა ზაბახიძემ.

პროკურორის კითხვაზე, თუ ვინ ესროლა მას ნივთი, პოლიციელმა უპასუხა, რომ "კონკრეტული პიროვნება არ დაუნახავს".

დეტექტივს კითხვა დაუსვმა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმაც - ხომ არ არიან ბრალდებულებიდან რომელიმე, ვინც ქვა ისროლა, რაზეც ზაბახიძემ უპასუხა, რომ "არ იცის, არ დაუნახავს". 

პროკურატურის მოწმე დღეს ვერც ის გამორიცხა, რომ აქციაზე შესაძლოა პროვოკატორებიც ყოფილიყვნენ.

როგორც უნდა გამოვრიცხო ან როგორ უნდა დავადასტურო, რომ იქ ვინმე იყო. იქ ვინციყო, იყო ჯგუფი რომელიც ერთიიანად აპროტესტებდა. ჩემი აღქმიდან, ყველა იყო აქციის მონაწილე", - თქვა ზაბახიძემ. 

აქციის მონაწილეებიდან შეამჩინია თუ არა დეტექტივმა რომელიმეს, რომ ორგანიზებას უწევდა? - ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილსი ამ კითხვაზე ზაბახიძემ უპასუხა, რომ "კონკრეტულად არავინ შეუმჩნევია". 

პოლიციელს კითხვით მიმართა ასევე სინდისის პატიმარმა, რევაზ კიკნაძემ.

მან ზაბახიძეს ჰკითხა, გამორიცხავს თუ არა იმ ფაქტს, რომ მას სპეცრაზმელის მხრიდან ნასროლი ნივთი მოხვდა? აღნიშნულს პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„მე როცა იქ ვიყავი, სპეცრაზმი იქ საერთოდ არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ მომხვდებოდა“,- განაცხადა ზაბახიძემ.

მას კიკნაძემ ასევე ჰკითხა, დაინახა თუ არა, რომ ვინმე კონკრეტული პირი ცდილობდა პარლამენტში შეჭრას.

„მე რომელ ქუჩაზეც ვიყავი, ჭიჭინაძეზე, მომიტინგეებს საშუალება არ მივეცით, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. კონკრეტული პიროვნება არა, ხალხის მასა გვაწვებოდა”,- განაცხადა ზაბახიძემ, რაზეც ბრალდებულმა მას კვლავ კითხვით მიმართა, ეს "მისი ვარაუდია, თუ ფაქტი“.

„ფაქტად ვიცოდი",- უპასუხა პოლიციელმა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 8 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მათგან 5 პოლიციელია და მათ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. 

სინდისის პატიმრების პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები