"ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - თბილისში დღეს ევროპული მარში გაიმართება

09.05.25 11:52
"ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - თბილისში დღეს ევროპული მარში გაიმართება

ევროპის დღეს თბილისში ევროპული მარში გაიმართება. დღეს 17:00 საათიდან საქართველოს მოქალაქეები ქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან. "ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ეს არის გზავნილი, რომლის გარშემოც ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აპირებენ გაერთიანებას.

მოქალაქეები ქუჩაში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, ქუჩებში არჩევნების მოთხოვნით და საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად იდგებიან.  

დღეს ჩვენი მომავლის დღეა, მომავლის, რომლისთვისაც ქართველ ხხალხს ბრძოლა არ შეუწყვიტავს არასდროს და არც ახლა ვწყვეტთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. და მე, მინდა, მივმართო, თუ ამ ეთერს უყურებენ ჩვენი ბიჭები, მათ ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ძალა, პირველ რიგში, თქვენ გეძღვნებათ ეს დღე და პირველ რიგში, ეს სახალხო შეკრება გეძღვნებათ თქვენ. ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა თქვენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავარამცხებთ რუსულ რეჟიმს, რეჟიმმა, რომელმაც ამ ჩვენი მომავლისთვის ბრძლის გამო დაატყვევა ადამიანები და გამოკეტა ციხეში იმ მიზნით, რომ შეეშინებინა ვინმე, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი შუშანა მაცაბერიძე. 

ცივილურმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავნებდით, არ გავჩერდით, არ დავიღალეთ და კვლავ ვიბრძით ჩვენი მომავლისთვის. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ იმსახურებენ უფრო მეტს და ეს ქვეყანა არ იმსახურებს უსამართლო გარემოს, აუცილებლად გამოვლენ გარეთ. მე პირადად ზუსტად ვიცი, რომ გარეთ ვიქნები და საღამოს შვიდ საათზე შევხვდები ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის ზუსტად ჩემსავით, - ამბობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

მსვლელობის ბოლო გაჩერება თბილისის ევროპის მოედანია, სადაც მოქალაქეებს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტიც დაელოდება.

ადგილზე სცენის მოწყობა უკვე დაიწყო. რკინის კონსტრუქციის აწყობის ნებართვა აქციის მონაწილეების მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც იქ მედია გამოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები