"ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ევროპის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან
ევროპის დღე ევროპის მოედანზე - თბილისის ქუჩებში ევროკავშირის გიგანტური დროშა ფრიალებს. ამ წუთებიდან ყურადღების ცენტრშია დედაქალაქის შუაგული, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან. "ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ეს არის დღეს ქართველი ხალხის მთავარი გზავნილი.
ათასობით თანამოქალაქე დღეს ერთი იდეის გარშემო ევროპის მოედანზე ერთიანდება. ქუჩაში გამოვიდა ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ოლიგარქის რეჟიმი ქვეყანას წარსულში, საბჭოთა კავშირში აბრუნებს.
ევროპის მოედანი, პრაქტიკულად, ხალხით არის გადავსებული, თუმცა მარშების ნაწილი იქ ჯერ არ მისულა.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანი.
ეს ძირითადი ღირებულებები არსად წასულა ეს არის თავისუფლება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, ეს არის ეროვნული არჩევანი, ევროპისკენ გზა, ეს არის მაგარი განათლება, მაღალი პენსიები, დიდი ინვესტიციები, ჩვენი ქვეყნის სწრაფი აღორძინება და რაც მთავარია, თავისუფლება და ამ დამპყრობლებისგან ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება, მეხუთე კოლონა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით საქართველოში. ეს უნდა დამთავრდეს. ერთპარტიული მმართელობა, სადაც პარტია თავის თავს აკავშირებს თითქოს ესენი არიან ქვეყნის წარმომადგენლები. ეს უნდა დამთავრდეს, ქვეყანაში უნდა მოვიდეს მრავალპარტიული კოალიცია და თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს! , - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ქართელ ხალხს დამარცხების უფლება აქვს ჩამოფრთმეული, ამიტომ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი.
არ არსებობს ძალა, რომელიც უარს ათქმევინებს ქართველს იმ უფლებაზე, რომლისთვისაც ვიბადებით და მერე ამ უფლების რეალიზებას ვცდილობთ: ვიყოთ თავისუფლები და ვიცხოვროთ თავისუფალ, მდიდარ სახელმწიფოში. არ იყოს რუსული გავლენის სახლმწიფო, ეს სახელმწიფო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული. ვერავინ ქართველ ერს უარს ვერ ათქმევინებს ამ ყველაფერზე. პარადოქსია, ჩვენ ჩამოგვერთვა მთავარი უფლება, მაგრამ ეს უფლება ჩამოგვართვა ივანიშვილმა და ვიღაცა გვარმა კი არა, ისტორიამ ჩამოვგართვა და ეს უფლება არის დამარცხების უფლებად ა ეს უფლება ჩამორთმეულია და აქედან გამომდინარე, ბრძოლა ბოლომდე!, - ამბობს ნიკა მელია.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე იმყოფებიან ხელოვანები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც.
რა ხდება ევროპის მოედანზე ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.