საპროტესტო მსვლელობაზე სიტუაცია დაიძაბა - მშვიდობიან დემონსტრანტებს ე.წ. ტიტუშკა მიუგზავნეს
საპროტესტო მსვლელობაზე სიტუაცია დაიძაბა - მშვიდობიან დემონსტრანტებს ე.წ. ტიტუშკა მიუგზავნეს, რომელიც ადგილზე მყოფ მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
როგორც მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, "ტიტუშკას" პროტესტის რეჟიმში გადასულ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც ჰქონდა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეესწრნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა "ტიტუშკა" ტერიტორიიდან უბრალოდ "გააცილეს".
იმის გამო, რომ ყურადღება გადაგვეტანა, მოგვიგზავნეს "ტიტუშკები", გვაგინეს და ჰქონდათ მცდელობა ფიზიკური შეხების. პოლიცია, როგორც ყოველთვის, არ მოქმედებს, იცავს მოძალადეებს. ამ კორდონით "ტიტუშკას" ეფარებიან. ეს არის ორმაგი სტანდარტი." - განაცხადა მოქალაქემ.
"ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ამ გზავნილის გარშემო, ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება. მოქალაქეები მარშით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.
"პირველების" ინფორმაციით, ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სინდისის პატიმრები - მზია ამაღლობელი და ვეფხია კასრაძე მიმართავენ.