ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი - სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

30.09.21 17:31
ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი - სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ხმაური ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.  ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რომელიც  მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძისა და სოფელ ძიმითში მაჟორიტარობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა.

,,ერთიანი ნაციონალური პარტიის" წარმომადგენლის მტკიცებით, ხმების სანაცვლოდ ,,ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე მგელაძემ, ადგილობრივებს წყლის რეზერვურები უსასყიდლოდ გადასცა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ოპოზიციამ გააპროტესტა. ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ირაკლი ღლონტი, მოსამართლესთან შეხვედრას მოითხოვდა, თუმცა მანდატურებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელიც, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება საფუძვლიანი იყო, რადგან მოსარჩელე მხარეს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.