“მქონდა ხველა და ხრჩობის შეგრძნება“-რას უყვება ქალი „პირველებს“, რომელსაც თავს დაესხნენ და წიწაკის სპრეი შეასხეს
თავდასხმა აქტივისტებზე - თბილისში ფიზიკურად კიდევ ერთ ქალს გაუსწორდნენ. თაია ცეკვავა ამბობს, რომ სახლისკენ მიმავალ გზაზე ორი მამაკაცი დახვდა და ჯერ სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს, შემდეგ კი ძირს დააგდეს.
აქტივისტის თქმით, უცნობები მას დაემუქრნენ, რომ საპროტესტო აქციაზე აღარ გასულიყო, რადგან "უარესი მოუვიდოდა".
როგორც ცეკვავა „პირველებს“ უყვება, მას მძიმე ალერგიულ ფონზე სპაზმური ხველა დაეწყო, თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს.
დას უნდა შევხვედროდი, სახლში უნდა წავსულიყავით ერთად, ცოტა დაბნელებული იყო, მე ასტიგმატიზმი მაქვს და სათვალის გარეშე კარგად ვერ ვხედავ. ამიტომ, კარგად ვერ დავინახე, ვინ მიახლოვდებოდა. უცბად ზურგიდან ერთმა ტიპმა ხელი მკრა, მეორე კი წიწაკის სპრეი შემასხა და ამის შემდეგ წავიქეცი. თვალები დამისივდა, ხველა მქონდა და ხრჩობის შეგრძნება. მათი მოთხოვნა იყო, აქციაზე აღარ წავსულიყავი, ჩემი აზრით, ამდევნენ, იყო კიდევ რაღაც დეტალები, წინა დღეებში, მაგრამ სხვა რამეებზე საუბარი ამ ეტაპზე, არ მინდა, ახლა ერთადერთი პრობლემა ის მაქვს, დედის ჯანმრთელობას მივხედო. დაშინება და ადამიანების აქციაზე არ გასვლა, ალბათ ესაა მიზანი, -ამბობს ცეკვავა.
რამდენიმე დღის წინ ასევე ჩაუსაფრდნენ და ბრილიანტის მწვანე შეასხეს კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტს, ნუცა მახარაძეს.
საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე იდენტიფიცირებული არავინაა.