“რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

12.05.25 16:27
“რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზარალებულს ბრალებულმა დაზიანებები სხეულის სხვადახხვა არეში ცივი იარაღით მიაყენა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა - აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მკვლელობა ღამის კლუბში გუშინ, გამთენიას მოხდა. 18 წლის ალეკო შაკიაშვილს ყელი "რატის ბარში" გამოჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.  

მსგავსი სიახლეები