“დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის. ვითხოვ მათ გათავისუფლებას“ - პაპი ლეო XIV
რომის პაპი ლეო XIV მედიასთან პირველი შეხვედრისას დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. ახლად არჩეულმა პაპმა კიდე ერთხელ გამოხატა ეკლესიის სოლიდარობა მედიის დაკავებული წარმომადგენლების მიმართ.
პაპის თქმით, “პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერთა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს“.
ნება მომეცით, გავიმეორო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტების ძიებისა და გადმოცემისთვის პატიმრობაში არიან და მოწოდებით გამოვიდე მათი გათავისუფლებისკენ. ამ სიტყვებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ.
ვფიქრობ იმ [ჟურნალისტების] შესახებ, თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი რომ აშუქებენ ომს; იმ ადამიანების სიმამაცეზე, რომლებიც იცავენ ღირსებას, სამართლიანობას და ადამიანების უფლებას, იყვნენ ინფორმირებულები, ვინაიდან მხოლოდ ინფორმირებულ ინდივიდებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერთა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს, მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი. გმადლობთ, ძვირფასო მეგობრებო, სიმართლის წინაშე თქვენი სამსახურისთვის", - თქვა პაპმა ლეომ.