"შინჯიკა" VS "ხარება" - უკავშირდება თუ არა შინჯიკაშვილის გადადგომა გდდ-ის შეფთან დაპირისპირებას

12.05.25 20:17
"შინჯიკა" VS "ხარება" - უკავშირდება თუ არა შინჯიკაშვილის გადადგომა გდდ-ის შეფთან დაპირისპირებას

ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორმა პოსტი დატოვა - ახლა მთავარი კითხვაა, უკავშირდება თუ არა შინჯიკაშვილის გადადგომა ხარებასთან დაპირისპირებას? არაერთი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ღია ომი ვიცე გუბერნატორსა და სპეცრაზმის შეფს შორის 2024 წლის ზაფხულში დაიწყო.

რესტორანში ჩხუბის გამო, შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრებმა ზვიად ხარაზიშვილის სპეცრაზმელები განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს. ამის გამო ხარება შინჯიკაშვილს ყურის მოჭრითაც ემუქრებოდა. 

დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში, "შაბათის ეთერმა" სოფელ მარტყოფში, შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან კადრებიც კი გადაიღო. ადგილზე რამდენიმე მანქანა და ათობით ადამიანი იყო მობილიზებული. ისინი რამდენიმე დღე შინჯიკაშვილის ოჯახს იცავდნენ.

მაღალჩინოსნებს შორის მომხდარ სისხლიანი დაპირისპირება "შაბათის ეთერს" სპეცრაზმის ე.წ. დარბევების სამმართველოს უფროსის ბიძამ დაუდასტურა. ამირან მშვენიერაძე ადასტურებდა, რომ სასტიკად ნაცემებს შორის იყო ე.წ. დარბევის სამმართველოს შეფი. გიორგი ბოლოთაშვილს სახის ძვლები ჰქონდა ჩამსხვრეული, აღენიშნებოდა მრავლობით სისხლჩაქცევები, რბილი ქსოვილის დაზიანება და ჰქონდა ტვინის შერყევის მძიმე ფორმა.

ამის გარდა, სასტიკად იყო ნაცემი აქციების დაშლაში მონაწილე კიდევ ერთი სპეცრაზმელი, დიმიტრი მჭედლიძე. ანგარიშსწორების შემდეგ, ძალოვნების გადარჩენას კავკასიის მედიცინის ცენტრში ცდილობდნენ.

რატომ დატოვა პოსტი გიორგი შინჯიკაშვილმა? - დეტალები ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები