სკანდალი: მაყვალა გონაშვილმა კავშირის შენობის ნაწილი მის შვილს ან მიაქირავა, ან უსასყიდლოდ დაუთმო

12.05.25 20:31
სკანდალი:  მაყვალა გონაშვილმა კავშირის შენობის ნაწილი მის შვილს ან მიაქირავა, ან უსასყიდლოდ დაუთმო

დედაქალაქის ცენტრში, მაჩაბლის ქუჩაზე, სადაც წესით მწერლები უნდა იკრიბებოდნენ, ქალები ფრჩხილებს უვლიან და სოლარიუმის-ეპილაციის მომსახურებას იღებენ. ეს ფართი მწერალთა კავშირს ეკუთვნის, სალონი კი მწერალთა კავშირის თავმჯდომარის შვილს.

მაყვალა გონაშვილი მწერლების ქონებას აქირავებს. ამ შენობაში ფართი სააფთიაქო ქსელსაც აქვს მიქირავებული. დოკუმენტი იძებნება, მაგრამ გონაშვილის შვილის სალონის არენდის დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში არ ჩანს. 

"ნეილ არტის" 50-პროცენტიან წილს მაყვალა გონაშვილის შვილი, მარეხი კეზუა ოფიციალურად ფლობს. იქირავა, თუ დედამ მწერალთა კავშირის ქონება უსასყიდლოდ მისცა? ამ კითხვაზე პასუხი მარეხი კეზუას არ სურს. ზარებს არც მაყვალა გონაშვილი პასუხობს.

მწერალთა კავშირს ქალაქის ცენტრში ფართები გაქირავებული აქვს, კავშირი კი იქვე, დევნილთა საერთო საცხოვრებელშია შესახლებული. გიგა ლორთქიფანიძის 4 ნომერში, ნგრევის პირას მყოფ შენობაში, ბოლო სართულზე მწერალთა კავშირის ოფისია. აქ მიდის ხოლმე სამუშაოდ მაყვალა გონაშვილიც, თუმცა "პირველების" ჯგუფს დღეს ის ადგილზე არ დახვდა.

"შაბათის ეთერის" გამოძიებამ აჩვენა, რომ მწერლების დიდძალი ქონება ან გაყიდულია, ან გაქირავებული, ან დაკარგული. მწერლების საპრეზენტაციო სივრცეც და ეროვნული მწერლობის სტამბაც ახლა კომერციულ ფართებადაა ქცეული. მწერლები ღიად ამბობენ, რომ სანამ კავშირის თავმჯდომარე მდიდრდება, მწერლები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში რჩებიან. 

მწერალთა კავშირს მაყვალა გონაშვილი 2004 წლიდან ხელმძღვანელობს. მწერლები ამბობენ, რომ არავინ იცის, ამ 20 წელში სად წავიდა მწერლების დიდი ქონება მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაში დაიხარჯა რეალურად გაყიდული ქონებიდან აღებული ფული, ეს კითხვა მათთვის დღესაც უპასუხოა.

მწერალთა კავშირის ახალი სკანდალი - დეტალები ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები