თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - ბოლო კადრები და ინტერვიუები, რომელიც "პირველებმა" გადაიღო
გიორგი შინჯიკაშვილის მამა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა - გადამდგარი ვიცე გუბერნატორის მამამ ქალ ჟურნალისტს ჯერ ტელეფონი წაართვა, შემდეგ სახეში მთელი ძალით ჩაარტყა. მან მარიამ მაკასარაშვილის პირადი მობილური ტელეფონი და "ტვ პირველის" ვიდეოკამერა გაიტაცა.
ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამამ აპარატურა "ტვ პირველს" მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნა, რაც მის სახლში დაბურულშუშებიანი მანქანით რამდენიმე პირი შევიდა. კამერა და ტელეფონი ეზოდან სწორედ მათ გამოიტანეს და თანაც, ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ "ხარებაზე" კითხვა აღარ უნდა დასვას.
ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმიდან, პოლიცია ადგილზე მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში მივიდა. 112-ში არაერთი შეტყობინების მიუხედავად, დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველები არ ცხადდებოდნენ. არადა, პოლიციის ერთი ეკიპაჟი, ანუ ორი პოლიციელი მხოლოდ გარე პერიმეტრზე დგას, თუმცა მათ არც შინჯიკაშვილი და არც ის თვითმხილველები გამოუკითხავთ, რომლებიც ანგარიშსწორებას შეესწრნენ.
ბოლო ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე არ ჩატარებულა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, თავდამსხმელი არის თუ არა გამოკითხული.
სოფელ მარტყოფში, შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან "ტვ პირველი" მას შემდეგ ჩავიდა, რაც სპეცრაზმის შეფთან, ზვიად ხარაზიშვილთან დიდ დაპირისპირებაში მყოფი გიორგი შინჯიკაშვილი პოსტიდან მოულოდნელად წავიდა. "ტვ პირველმა" გადადგომის მიზეზების გარკვევა მანამდე ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატში სცადა, თუმცა კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.
დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.