პროფესიული მოვალეობისას მომხდარი თავდასხმის დროს, "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, მარიამ მაკასარაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო
პროფესიული მოვალეობისას მომხდარი თავდასხმის დროს, "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, მარიამ მაკასარაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო.
მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ჟურნალისტი მკურნალობისთვის კლინიკაში რჩება.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს სახის არეში ჩაარტყა.
ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ კამერაში არსებული ჩიპი, სადაც თავდასხმის ფაქტი იყო ასახული, დაზიანებულია.
შეგახსენებთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა დღეს დაწერა, რომ თანამდებობიდან გადადგა. "შინჯიკა" ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.