18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებული ორი პირი სასამართლოს მოლოდინშია - მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს
18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ორი პირი სასამართლოს მოლოდინშია - ივანე გიგლემიანის და რატი პაკელიანის საქმის განხილვა მოსამართლე მზია გარჩეულაშვილს დაეწერა.
თბილისის საქალაქო სასამართლო პაკელიანისა და გიგლემიანის წინააღმდეგ ხვალ იმსჯელებს.
ორივე დაკავებული ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ახლა მთავარი კითხვაა, დაარღვევენ თუ არა დაკავებულები დუმილს მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში მოიყვანენ.
ცნობისთვის, მკვლელობა ღამის კლუბში გუშინ, გამთენიას მოხდა. 18 წლის ალეკო შაკიაშვილს ყელი "რატის ბარში" გამოჭრეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მკვლელობის ფაქტზე 2 პირი - ივანე გიგლემიანი და რატი პაკელიანი დააკავეს. ივანე გიგლემიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რატი პაკელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.