ჟურნალისტებზე ძალადობა ნაწილობრივ წახალისებულია - სოფო ხუნწარია
"ჟურნალისტებზე ძალადობა ნაწილობრივ წახალისებულია" - ასე აფასებს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ჟურნალისტი სოფო ხუნწარია.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება "ქართული ოცნების" პროპაგანდის და დაუსჯელობის შედეგია.
ჟურნალისტებზე ძალადობა წახალისებულია, ნაწილობრივ. ეს ვითომ ნეიტრალური და შეფარული, მაგრამ პირდაპირი გზავნილი საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში და მათ შორის, ვინც არ მოგწონს იმას შეგიძლია ძალადობრივად გაუსწორდე, ბუნებრივია, ეს მოსახლეობის ნაწილზე მოქმედებს და მერე თავს ესხმის. ყველას ბრალია, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. ჩვენს ქვეყანაში ძალადობა იქცევა ნორმად", - ამბობს სოფო ხუნწარია.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს სახის არეში ჩაარტყა.
ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ კამერაში არსებული ჩიპი, სადაც თავდასხმის ფაქტი იყო ასახული, დაზიანებულია.
შეგახსენებთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა დღეს დაწერა, რომ თანამდებობიდან გადადგა. "შინჯიკა" ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.