ხმაური საქალაქო სასამართლოში - ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის პროცესიდან თეონა ჭალიძე გააძევეს

13.05.25 13:46
ხმაური საქალაქო სასამართლოში - ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის პროცესიდან თეონა ჭალიძე გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძისა და "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

  • პოლიტიკოს ქალსა და ახალგაზრდა აქტივისტს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას და მისთვის "მონის" დაძახებას ედავებიან. 

ცოტა ხნის წინ, სხდომიდან გააძევეს თეონა ჭალიძე. მან პრეტენზია გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყველა დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებენ, რის გამოც  მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას დარბაზი დაატოვებინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ კითხვა არ არის "ფაქტობრივ გარემოებასთან კავშირში ისინი არ უპასუხებენ", თუმცა ადვოკატები განმარტავენ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ სასამართლოსთვის გასაგები იყოს ასრულდება თუ არა მირიან ქავთარაძე სამსახურებრივ მოვალეობას იმ დღეს.

  • ბრალდებულების წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მისაცემად ოთხი დეტექტივ-გამომძიებელი მოწმის სტატუსით უნდა წარსდგეს, მათ შორის ერთ-ერთი პატაკის შემდგენი პოლიციელია.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თორნიკე სხვიტარიძემ. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ არაადამიანურ წამებაზე, რომელიც მისი ძმის, საბა სხვიტარიძის მიმართ ჰქონდა ადგილი.  

მე ვიცი მირიან ქავთარაძე, ვინც არის, ვინაიდან მან და მასთან დაქვემდებარებაში მყოფმა ადამიანებმა ჩემი ძმა აწამეს მისივე კაბინეტში. ქალზე მოძალადე, ვიღაც მირიან ქავთარაძე არის, რომელიც არის მთავარ განყოფილების სამმართველოს უფროსი...
მე მისმა გამომძიებელმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ძმა იყო კარგად კაპეზეზე, როცა სამჯერ აწამეს სხვადასხვა კაბინეტში ჩემი ძმა და თვითონაც ადასტურებენ ამ ყველაფერს", -  განაცხადა თორნიკე სხვიტარიძემ სასამართლო პროცესზე.

ამ დროისთვის უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით მათთვის პატიმრობის შეფარდებას.

შეგახსენებთ, 1 მაისს, ამავე საქმეზე ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებისთვის, მირანდა ბაღათურიასთვის და ანა ყურაშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

 

მსგავსი სიახლეები