თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - პირველი ინტერვიუ გიორგი შინჯიკაშვილის მამასთან

13.05.25 17:05
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - პირველი ინტერვიუ გიორგი შინჯიკაშვილის მამასთან

 

 

თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - "პირველებმა" ექს ვიცე-გუბერნტორის მამასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.  ფიზიკური ანგარიშსწორებიდან გიორგი შინჯიკაშვილის მამა ახლა რეპორტიორების ლანძღვის რეჟიმზე გადავიდა. 

გიორგი შინჯიკაშვილი არ ამბობს, მისცა თუ არა საგამოძიებო უწყებას ჩვენება და გადასცა თუ არა კამერის ჩანაწერები.

ვიცე-გუბერნატორის მამა პირდაპირ ეუბნება "პირველებს", რომ მის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებას არ ელოდება.

ტვ პირველი: ჟურნალისტზე რომ იძალადეთ, არ ნანობთ? 

გიორგი შინჯიკაშვილის მამა: თქვენი ჟურნალისტი რომ გაუზრდელი, უტვინო და უკულტუროა არ ნანობს?!

ტვ პირველი: ჩანაწერები მიეცით გამოძიებას? როგორ ურტყამთ ხელს ახალგაზრდა ჟურნალისტს. 

გიორგი შინჯიკაშვილის მამა: თქვენ გეჩვენებათ რაღაც. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, გუშინ ვინც იყო მოსული, იმას ტვინი საერთოდ არ ჰქონდა და ტვინი როგორ შეერყა? იქ მე ქალი არ მინახავს. იქ ვიღაც ქაჯი იყო მოსული და ვიღაც გაუზრდელი ახალგაზრდა მამაკაცი. 

ჟურნალისტი: მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო მე-5 თვეა ციხეში ზის. თქვენ მუშტი ჩაარტყით ჟურნალისტს და თავისუფალი ხართ. არ გგონიათ, რომ ეს შერჩევითი სამართალია? 

გიორგი შინჯიკაშვილის მამა: რა უფლება აქვს, პოლიციელს სილა გააწნას. 

ჟურნალისტი: თქვენ რა უფლება გაქვთ ჟურნალისტს ხელი დაარტყათ?

გიორგი შინჯიკაშვილის მამა: რა უფლება და შემომივარდნენ ოჯახში. 

ჟურნალისტი: იტყუებით, არ შემოგვარდნიათ, თავად შემოუშვით, ამის კადრები არსებობს. დაკავების არ გეშინიათ?

გიორგი შინჯიკაშვილის მამა: რატომ უნდა მეშინოდეს დაკავების. კი არ ვიძალადე, ჟურნალისტი ჩემს ეზოში დაუკითხავად შემოვიდა... კარებღია ეზოში შემოსული ადამიანი არც ვიცოდი ჟურნალისტი იყო თუ ისტორიკოსი. (რომ მცოდნოდა) ვეტყოდი, არ შემოხვიდე მეთქი.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, 12 მაისს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს მუშტი სახის არეში ჩაარტყა.

ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს.

  • შეგახსენებთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა 12 მაისს დაწერა, რომ თანამდებობიდან გადადგა. "შინჯიკა" ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო. 

მსგავსი სიახლეები