ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - რა ხდება თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის პროცესზე?

13.05.25 17:17
ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - რა ხდება თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის პროცესზე?

დილიდან ხმაურისა და დაპირდაპირების ფონზე მიმდინარეობს სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძისა და "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. 

  • პოლიტიკოს ქალსა და ახალგაზრდა აქტივისტს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას და მისთვის "მონის" დაძახებას ედავებიან. 

აქტივისტების ნაწილი ჯერ მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა, შემდეგ კი დამსწრეების ნაწილს მანდატურის სამსახური პროცესზე დასწრების შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. თორნიკე სხვიტარიძის ოჯახის წევრებს სურდათ, პროცესზე დასწრება თუმცა მანდატურის სამსახურმა მათ ამის უფლება არ მისცა.

ნუ ჩხუბობთ, დაწყებულ პროცესზე ჩვენ ვერ შეგიშვებთ. თუ შეგიშვეს მოსამართლე შეგიშვებთ. ნუ გვეჩხუბებით, ვერ შეგიშვებთ", - ამბობს მანდატურის სამსახურის თანამშრომელი.

 

ბრალდებულების წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მისაცემად დღეს ორი  დეტექტივ-გამომძიებელი მიიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი პატაკის შემდგენი პოლიციელია.  მოწმე პოლიციელებმა, თორნიკე ჯაფარიძემ და გოჩა ონიანმა ადვოკატების ვერცერთ კითხვას დაზუსტებით ვერ უპასუხეს.

ადვოკატი: თქვენ იცით თუ არა, საბა სხვიტარიძესთან დაკავშირებული საქმე?

მოწმე პოლიციელი: რაღაც ეპიზოდში მეც ვარ მონაწილე. 

ადვოკატი: რა ეპიზოდში ხართ მონაწილე?

მოწმე პოლიციელი: მისი ჩამოყვანის თბილისში და თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიყვანის.

ადვოკატი: მაინტერესებს, იცის თუ არა, რომ საბა სხვიტარიძე არის დაზარალებული და მაინტერესებს, თორნიკე სხვიტარიძესთან მიმართებით მას სხვა მოტივაცია ხომ არ აქვს.

მოწმე პოლიციელი: არ ვიცი. მე ვიცი, რომ მირიან ქავთარაძე არის დაზარალებულად ცნობილი.

ადვოკატი: თქვენ დაკითხული ხომ არ ხართ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ?

მოწმე პოლიციელი: მგონი ვიყავი. აღარ მახსოვს.

ადვოკატი: რა საქმეზე დაიკითხეთ?

მოწმე პოლიციელი: აღარ მახსოვს.

ამ დროისთვის უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით მათთვის პატიმრობის შეფარდებას. 

შეგახსენებთ, 1 მაისს, ამავე საქმეზე ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებისთვის, მირანდა ბაღათურიასთვის და ანა ყურაშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.